Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების პრეზიდენტი „აგენტების კანონის“ მიღებას ეხმაურება


სტივენ კაპუსი, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტი
სტივენ კაპუსი, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტი

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტი სტივენ კაპუსი ეხმაურება საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენტების კანონის“ საბოლოოდ მიღებას. მისი შეფასებით, საქართველოს ათიათასობით მოქალაქე, რომლებიც ქუჩაში აპროტესტებენ ამ სახიფათო კანონმდებლობას, უსაფუძვლოდ არ უწოდებენ მას „რუსულ კანონს“.

„მათ იციან, რომ ის კრემლის სახელმძღვანელოდანაა გადმოღებული, ემყარება მსგავს რუსულ კანონმდებლობას, შექმნილს გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად, დემოკრატიული ღირებულებებისთვის ძირის გამოსათხრელად და წარმოადგენს ავტორიტარიზმისკენ გადახრას“, - ამბობს სტივენ კაპუსი.

მისი სიტყვებით, რადიო თავისუფლების ქართული სამსახური კვლავინდებურად გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას მიუკერძოებლად.

„რადიო თავისუფლება, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ქართული სამსახური უკან არ დაიხევს და არ იტყვის უარს მისიაზე - უზრუნველყოს დამოუკიდებელი ინფორმაციის მიწოდება საქართველოსთვის. ათწლეულების განმავლობაში მილიონობით ქართველი ეყრდნობა რადიო თავისუფლებას, როგორც მიუკერძოებელი ინფორმაციის წყაროს და ჩვენ გავაგრძელებთ მის უზრუნველყოფას, ახლა მეტად, ვიდრე ოდესმე. ჟურნალისტიკა დანაშაული არაა. #JournalismIsNotACrime“, - აცხადებს სტივენ კაპუსი.

28 მაისს საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტო დაძლია.

კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა, ხუთი დღის ვადაში მას პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონპროექტს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

„აგენტების კანონი“ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. კანონი ეხება მათ შორის - რადიო თავისუფლებასაც.

კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრის შესაქმნელად 60 დღე ექნებათ. როცა ეს ეტაპიც დასრულდება, „უცხოელი აგენტების“ რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.

ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების, დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდებისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აცხადებდა, რომ არ აპირებდა უარი ეთქვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე.

საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონის საბოლოოდ მიღების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში 28 მაისის ბრიფინგი საქართველოს საკითხით გახსნა პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.

მისი განცხადებით, მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას, მომავალ ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრობას და, ასევე, რისკის ქვეშ აყენებს აშშ-საქართველოს ურთიერთობას.

ე.წ. აგენტების კანონის საბოლოოდ მიღებას საერთო განცხადებით გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი და ევროკომისიაც, მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპასუხოდ, ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ.

მანამდე არაერთხელ ითქვა, რომ კანონი ააცდენს საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირში გაწევრიანების გზას და ის არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს.

„აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე რამდენიმე დღით ადრე, 23 მაისს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა“.

ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან, და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას. მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის - „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა“.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათთვის სანქციებზე საუბარი „არასერიოზულია“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG