Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაბედული მოძრაობა ევროპისკენ, როცა რუსეთის მთავარი სამიზნე ქართველის გონება და გულია


ავტორი: თამარ კორკოტაშვილი

“აგენტების კანონის” წინააღმდეგ აქციების დაწყებამდე “ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლებს” ვუკირკიტებდი. იუნგის ნაშრომები ჩემთვის სამაგიდო წიგნებია იმ მრავალფეროვან მასალასთან ერთად, რომლის შესწავლის აუცილებლობასაც თავად იუნგის მიღწევები აჩენს. ალბათ არ იყო შემთხვევითი რომ იუნგის იდეებთან მიბრუნება სწორედ წელს, აპრილში დაძრულ მრავალათასიან საპროტესტო გამოსვლებამდე რამდნიმე კვირით ადრე გადავწყვიტე, რადგან წაკითხული მასალა აღმოჩნდა ის სტიმული, რამაც სულიერი სიმხნევე შემმატა. აპრილში წიგნებს მოვწყდი. მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ერთი წიგნის შესახებ ანოტაცია წავიკითხე:

“რაც უფრო ქაოსური და აპოკალიფტურია რეალობა, მით უფრო დიდია ჟანრული ტექსტების მნიშვნელობა. დღეს სამეცნიერო ფანტასტიკისა და საშინელებათა ჟანრის წიგნები გზამკვლევებად იქცნენ კოლაფსის პირას მყოფი სამყაროს ხალხებისთვის.

ეს წიგნი სახიფათო და დაუჯერებელი სამყაროების მორიგი ენციკლოპედიაა, რომელსაც ქართული ჟანრული ლიტერატურის ფესტივალი “ინსომნია” გთავაზობს”.

იქვე ისიც გავიგე რომ წიგნი 2022 წელს საფესტივალო უძილობისას შეიქმნა და შვიდი ფინალისტის მოთხრობასა და ფობიოგრაფიას აერთიანებს. სიტყვა უძილობამ რუსთაველზე გათენებული ღამეები გამახსენა. 14 მაისს პარლამენტმა მესამე მოსმენით მაინც მიიღო კანონი. მაგრამ, ღამისთევის, დარბევებისა და შეურაცხყოფის მიუხედავად, ჩვენ იქ ვიდექით - შეუპოვრები და გულწრფელები.

მერაბ მამარდაშვილი თავის ერთერთ ლექციაში, “ლიტერატურული კრიტიკა როგორც წაკითხვის აქტი”, ლიტერატურულ კრიტიკას ფილოსოფიური თვალით გვაჩვენებს. ის, ბორხესის ნათქვამის კვალდაკვალ (პოეზია ყოველთვის იდუმალია, რადგან არასდროს იცი თუ საბოლოოდ რისი დაწერა მოახერხე) - შესაბამის განმარტებას გვთავაზობს: ლიტერატურული კრიტიკა არის მხოლოდ კითხვის აქტის გაფართოება. “ჩემი, თქვენი კითხვის აქტის გაფართოება - და არა უმეტეს ამისა” - აღნიშნავს მამარდაშვილი. შემდეგ იმასაც ამბობს რომ მისთვის ლიტერატურული კრიტიკა, პირველ რიგში, არის აღქმის აქტის გაფართოება, რომელიც ამ გაფართოების ამოცანების ფარგლებითაა შეზღუდული და რომ ამ ამოცანებს მიღმა ლიტერატურული კრიტიკა ვერ გავა.

დასასრულისკენ კი მამარდაშვილი ასეთ შეჯამებას გვთავაზობს: “ლიტერატურა არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს საკრალურ ძროხას, არამედ მხოლოდ სულიერ მოძრაობას, მიმართულს იქით, რომ თავად შევძლოთ საკუთარი თავის აღმოჩენა სიცოცხლის ნამდვილ, უნიკალურ გამოცდაში, რომელიც მხოლოდ შენ გამოგიცდია და რომლისგანაც შენ გარდა და შენ მაგიერ ვერავინ შეძლებს რაიმე ჭეშმარიტების მიგნებას”.

ლიტერატურის კრიტიკის ამ თვალით დანახვა ჩემთვის მისაღებია. ლიტერატურის, როგორც სულიერი მოძრაობის გააზრებაც - ახლობელი. დღეს კი მინდა კითხვის აქტის გაფართოების მცდელობა გაგიზიაროთ. “ინსომნია 2022” - ის (პროექტის ავტორი: ზაზა კოშკაძე. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2024) ერთერთი ავტორის, ოლანი ბიწაძის ტექსტებზე ვისაუბრებ.

წიგნს გადაშლით თუ არა, ოლანი ბიწაძის ფობიოგრაფია “შეშინებული ინტერვიუ” დაგხვდებათ. ტექსტი შიშების შესახებ მოგვითხრობს და გვაჩვენებს, როგორ ებრძვის ან ვერ ებრძვის, როგორ სწავლობს შიშთან ურთიერთობას ადამიანი. ეს ფობიოგრაფია ჩემთვის ავტორის მცდელობაა დაგვანახოს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის საკუთარი შიშების გაცნობიერება და მათი ვერბალიზაცია. სწორედ გაცნობიერება/ვერბალიზაცია აცხადებს მთავარი გმირის ღირებულებას: “მეშინია, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ისე არაფერი გამაკეთებინონ, რომ მეგონოს, ჩემი ნებით გავაკეთე-მეთქი”. რა უნდა იყოს ამაზე სწორი, თუ არა საკუთარი ნების პატივისცემა და შიში, მანიპულაციის ობიექტი არ გახდე.

ოლანი ბიწაძის ფობიოგრაფიამ საკუთარ შიშებზე დამაფიქრა და ახალი გაცნობიერებებიც მომიტანა. გამახსენდა, რას ვგრძნობდი ერთერთი დარბევისას, გაზით რომ ვიგუდებოდი. ეგ არ იყო შიში. კრიტიკულ მომენტში ეს იყო წყენა - რომ მშვიდობიანი მომიტინგეები ასე გაგვიმეტეს. მერე კი - ბრაზი. ვბრაზობდი რუსულ აგრესიაზე, საბჭოთა მენტალობასა და რუსეთის მონებზე.

აქვე გავიხსენებ მერაბ მამარდაშვილის ნათქვამს რომ ტყუილი – იმ იმპერიის ელემენტია, რომელსაც რუსული ჰქვია და რომელიც საბჭოთა ხელისუფლებაში გაგრძელდა. და რომ რუსეთი არ ჰგავს აზიურ იმპერიებს, მაგრამ ჩვენ ის უნდა მოვიშოროთ, რადგან იგი ჩვენთვის არაისტორიული და არატრადიციულია და დავუბრუნდეთ ტრადიციულს.

ოლანი ბიწაძის მოთხრობა “ხმების მიწა” (მომდევნო ტექსტი წიგნიდან : “ინსომნია 2022”) გვიყვება, როგორ ჩადიან ცირკის მსახიობები ქალაქ ჭიათურაში 20** წელს. გმირები “ჩაბნელებულ კი არა, თითქოს ფერებდაკარგულ ქალაქში” აღმოჩნდებიან, საიდანაც შენობებთან ერთად ადამიანებიც გაუჩინარებულან. საშინელებათა ჟანრის ეს მოთხრობა ნელ-ნელა ითრევს მკითხველს იმ ბნელ და უიმედო სამყაროში, სადაც ავტორისვე სიტყვებით, ცა ისეა ჩაბნელებული, თითქოს ამ უკუნეთს გათენებაც ვერაფერს დააკლებს. წყვდიადით მოცულ ასეთ სამყაროს ხმა და სათქმელიც შესაბამისი აქვს. როდესაც ცირკის მსახიობები ცდილობენ გაარკვიონ უცნაური ხმების რაობა, რომლებიც მათი დაბნეული საუბრის პარალელურად, დროდადრო მიწიდან ისმის, ასეთ პასუხს მიიღებენ:

  • “მიწაში მარტო მკვდრები არ არიან, ბატონო სოლომონ! - გაისმა სამყაროს პასუხი მიწის წიაღიდან. თითქოს კაცობრიობის ყველაზე დიდი ხნის სურვილი ასრულდა და სამყაროში უმისამართოდ გაგზავნილ კითხვებს მოპასუხეები გამოუჩნდნენ.

12 გვერდიან მოთხრობაში ავტორი ახერხებს შემაძრწუნებელი გარემო შექმნას და მკითხველს ისეთი მესიჯები გაუგზავნოს, რომელიც გაიძულებს ბოლომდე იბრძოლო იმისთვის, რაც ჯერ კიდევ გადარჩა. მოთხრობის დასასრული მოულოდნელი და შემაშფოთებელი იყო. არ ვიცი რამ უფრო დამზაფრა, ადამიანის ეგზისტენციალურმა სიკვდილმა თუ საშინელმა პროგნოზმა, რომელსაც გაუმაძღრობა და პირადი, მავნებლური ინტერესების დაკმაყოფილება იწვევს.

დღევანდელ ბრძოლაში რუსეთის მთავარი სამიზნე ქართველის გონება და გულია. ევროპისკენ მიმავალ გზაზე ჩვენი უპრეცენდენტო პიროვნული სიძლიერე და გონიერება თავდაცვის ერთერთი მთავარი იარაღი იქნება. სწორედ ამიტომ, კარგი ლიტერატურა გაბედული მოძრაობაა “რომ თავად შევძლოთ საკუთარი თავის აღმოჩენა სიცოცხლის ნამდვილ, უნიკალურ გამოცდაში, რომელიც მხოლოდ შენ გამოგიცდია და რომლისგანაც შენ გარდა და შენ მაგიერ ვერავინ შეძლებს ჭეშმარიტების მიგნებას”.

ფორუმი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG