Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვება და შიშნარევი მოლოდინი - ბრიუსელი სანდუს გამარჯვებას ულოცავს


მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში მორიგი გამარჯვება მიულოცეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპის ქვეყნების ლიდერებმა.
მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში მორიგი გამარჯვება მიულოცეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპის ქვეყნების ლიდერებმა.

ბრიუსელში ოფიციალურ პირებს შვება მოჰგვარა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს მეორე ვადით არჩევის შესახებ გავრცელებულმა ცნობამ.

მოლდოვის ევროპული კურსის მტკიცე მომხრე მაია სანდუმ ხმების თითქმის 55%-ით დაამარცხა პრორუსულად განწყობილი სოციალისტების კანდიდატი, მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო (45%). მაგრამ არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რის გამოც, ანალიტიკოსების ვარაუდით, ბრიუსელში გამეფებული შვება დიდხანს ვერ გასტანს.

ევროპის ბლოკისათვის წლევანდელი შემოდგომა სხვა მხრივ რთული აღმოჩნდა. პოპულისტურმა ევროსკეპტიკურმა პარტიებმა წარმატებას მიაღწიეს ავსტრიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში და შესანიშნავი შედეგები აჩვენებს აღმოსავლეთ გერმანიის სამ ფედერალურ რეგიონში.

გასულ კვირაში ამ ჩამონათვალს დაემატა საქართველო, 2023 წლის დეკემბრიდან ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა, სადაც მზარდად ავტორიტარულმა „ქართულმა ოცნებამ“ პირველი ადგილი დაიკავა უამრავი დარღვევით ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში. ბრიუსელში ჯერ ბოლომდე დარწმუნებული არ არიან, როგორი პასუხი უნდა გასცენ ამ პრობლემას.

ყველაფერმა ამან გარკვეული ეგზისტენციალური შფოთვა წარმოშვა ევროკავშირში: ხომ არ გამოიფიტა მისი გამწევი ძალა? ან შესაძლოა კიდე უფრო მნიშვნელოვანი - რას აკეთებს იგი არასწორად და ხომ არ ჯაბნის მას საზიარო სამეზობლოში რუსეთი?

მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში მიენიჭა, იმ იმედით, რომ გაწევრიანების შესახებ სათანადო მოლაპარაკებები 2025 წელს დაიწყება. ევროკავშირი მოლდოვაში სულ მალე უჩვეულოდ გააქტიურდა. 2022 წლიდან ბრიუსელმა მოლდოვას 2,2 მილიარდი ევრო (2,4 მილიარდი დოლარი) მისცა; საპრეზიდენტო არჩევნების წინ, კიდევ 1,8 მილიარდ ევროს დაჰპირდა.

პარალელურად ბრიუსელმა მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა პრორუს ოლიგარქებს, ილან შორსა და ვლად პლაჰოტნიუკს, რომლებიც უკიდურესად აფერხებდნენ მოლდოვის პროევროპულ პოლიტიკურ კურსს. ხოლო ზაფხულში პრეზიდენტ სანდუს მხარდასაჭერად ათზე მეტი ევროკავშირის ლიდერი და მინისტრი ესტუმრა კიშინიოვს.

ბრიუსელისთვის ეს იყო ვალდებულების დემონსტრირებაც და იმის გამოხატულებაც, თუ რამდენად შეშფოთებულია ევროკავშირი მოლდოვაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებით. ქვეყანა გაყოფილია ორ ბანაკად - ერთ მხარეზე არიან ევროკავშირის მომხრეები და მეორეზე პრორუსული ძალები. ეს დაპირისპირება კარგად გამოვლინდა ორი კვირის წინ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო 50%-ზე მეტი ხმის მიღება, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა ბანაკმა მცირე სხვაობით აჯობა მოწინააღმდეგეებს.

რეფერენდუმში ამომრჩეველთა 50.38 პროცენტმა მისცა ხმა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას.

ამიერიდან კი ევროკავშირის ყურადღება მიპყრობილი იქნება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისადმი, რომელიც 2025 წლის ზაფხულში გაიმართება.

მაგრამ ეყოფა კი ევროკავშირს გაქანება და გამძლეობა, რათა შეინარჩუნოს ერთგულება მოლდოვისადმი? მაია სანდუს პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს, მოლდოვა, დიდი ალბათობით, მიუახლოვდება ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ ეკონომიკურად ღარიბი ქვეყნის ხელისუფლებას წინ ელოდება რთული და ხანგრძლივი გზა, რათა საკუთარ მოქალაქეებს ევროკავშირში გაწევრიანების საგრძნობი უპირატესობა აჩვენოს.

შეიძლება ეს ვკითხოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, როგორიცაა ჩრდილოეთი მაკედონია და სერბეთი, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში არიან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები. მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გამოვიდნენ "მოსაცდელი დარბაზიდან".

მეტიც, ევროკავშირს ახლა მრავალი საზრუნავი აქვს: ესაა აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, უკრაინაში მიმდინარე ომი და სისხლისღვრა ახლო აღმოსავლეთში.

უეჭველია, რომ კიშინიოვი კვლავ მიიღებს ევროკავშირისგან დიდ ფულად დახმარებას ენერგეტიკული სექტორისა და ეკონომიკის აღორძინებისთვის, მაგრამ შეძლებს კი ბრიუსელი, რეალურად გაუწიოს მეტოქეობა რუსეთს, მით უფრო იმ მტკიცებულების ფონზე, რომ კრემლი ამომრჩეველთა ხმებს ყიდულობს?

„ჩვენ, ევროპელები, ვცდილობთ სიტყვებით მოვიგოთ მოლდოველთა გულები, რუსები კი მათი გონებას ფულით ყიდულობენ“, - გვითხრა ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

ამაში ნაწილობრივ დამნაშავეა ევროკავშირის უუნარობა, ეფექტიანად განავითაროს უფრო მჭიდრო კავშირები კიშინიოვთან.

პროცესზე დამკვირვებელი ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ მოლდოვაში ჩასული ევროკავშირის ოფიციალური პირები იშვიათად თუ გადიან კიშინიოვის ფარგლებს იქით. სხვები კი მიიჩნევენ, რომ საჭიროა ევროკავშირის წარმომადგენლობის გაფართოება მოლდოვაში, უფრო მეტი დიპლომატისა და ოფიციალური პირის ჩართულობა, რომლებიც დაეხმარებიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს იმ რეგიონებში, სადაც მწვავედ განიცდიან დაფინანსებისა და პერსონალის უკმარისობას.

მაია სანდუ, რომელიც ადრე მსოფლიო ბანკში მუშაობდა, უეჭველად არის პოპულარული და პატივსაცემი პოლიტიკოსი ბრიუსელში, რაც დიდწილად უწყობს ხელს საზღვარგარეთ მოლდოვის დადებით რეპუტაციას. მაგრამ ეს შესაძლოა არ იყოს საკმარისი, მით უფრო, რომ სანდუ არჩევნებში მოლდოველი ემიგრანტების ფართო მხარდაჭერის გამო „დიასპორის პრეზიდენტად“ მიიჩნევა.

თუ მხედველობაში მივიღებთ ევროკავშირის სიძლიერისა და მოლდოვისადმი მისი ყურადღების შესუსტებას, რუსეთის ჩარევით გამოწვეული მუქარის ფონზე, მომდევნო ბრძოლა (მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში), დიდი ალბათობით, სწორედ შიდა ფრონტზე გაიშლება.

ფორუმი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG