კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი გორდაძე ამბობს, რომ აპარატი კი აღიქვამს ბათილ და ნამდვილ ბიულეტენებს, თუმცა, ბათილია თუ ნამდვილი, ამას არ აწერს ბიულეტენებს და ეს კომისიის მიერაა დასახარისხებელი.
„ჩვენთან აპარატის გახსნისა და გადათვლის შედეგად დაფიქსირდა ასეთი ფაქტი, რომ კონკრეტული სუბიექტის სამი ბათილი ბიულეტენი იდო ნამდვილი ბიულეტენების დასტაში და ამავე სუბიექტის ნამდვილი ბიულეტენი იდო ბათილი ბიულეტენების დასტაში. და ეს საბოლოო შედეგზე არ ასახულა. ვერც შეცვლიდა შედეგს. დახარისხების ნაწილში იყო უბრალოდ შეცდომა. ჩვენ ეს ბიულეტენები, რაც აქ წარმოდგენილია, რა თქმა უნდა, ბათილ ბიულეტენებად მივიჩნიეთ. ბათილი ბათილად იქნა მიჩნეული."
მოსამართლე: „მოსარჩელე მიუთითებს, რომ ნების გამოხატვის ფარგლებში, კომისიამ შეაფასა და ის ბიულეტენები, რომლებიც ბათილად უნდა მიეჩნია, ნამდვილად ჩათვალაო. თქვენ ამ გარემოებას ეთანხმებით? ეს ასე მოხდა?
გიორგი გორდაძე: „ბუნებრივია, ამას არ ვეთანხმებით. ნამდვილად არ ჩათვლილა ეს ბიულეტენები ნამდვილად. რა თქმა უნდა, შედეგიც არ შეცვლილა. დათვლის შემდგომ გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია მაღალი კვორუმით. 12 ხმით იქნა მიღებული გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც შედიან საარჩევნო სუბიექტების მიერ დანიშნული კომისიის წევრები“.
„სამართლიანი არჩევნები“: ეს ბიულეტენები, რომლებიც ბათილია, ნამდვილი ბიულეტენების დასტაში იქნა გადადებული. მოსამართლე: და ეს როგორ დავადასტუროთ? რადგან რაოდენობივად ჯამი არ შეცვლილა. ჩვენ ფაქტობრივი გარემოების დადგენას ვცდილობთ, ერთი ამბობს, რომ ნამდვილად იქნა ცნობილი, მეორე მხარე, კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ არა. ჩვენ როგორ დავადგინოთ ეს? ეს თუ ნამდვილად ჩათვალეს, მაშინ ბათილად რა ჩათვალეს?
„სამართლიანი არჩევნები“: სამწუხაროდ, ამის ფოტო მტკიცებულებები არ გვაქვს, თუმცა, ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ პროცესს ობიექტურად დააკვირდა, ჩვენს შორის იყო მოწმე, რომელიც ძალიან ნათლად საუბრობს და შეგიძლიათ ეს მის ახსნა განმარტებაში წაიკითხოთ.
მოსამართლე ილოდა თოდუა კითხულობს მოწმის ახსნა-განმარტებას: „სასამართლო სხდომაზე მოწმემ აღნიშნა, რომ ბათილად ცნობილი სამი ბიულეტენი ხმის მთვლელების მიერ მიეკუთვნა ნამდვილ ბიულეტენებს. ამასთან მოწმემ ვერ შეძლო დაედასტურებინა ის გარემოება თუ რა სახის მონიშვნა იყო გაკეთებული იმ ბიულეტენზე, რომელიც მთვლელების მიერ მიეკუთვნა ნამდვილ ბიულეტენებს“.
„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა სხდომაზე წარადგინეს ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ნამდვილად ცნობილი სამი ბიულეტენი, რომელიც მათი განცხადებით, ეს ბიულეტენები არსებითად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
„პრობლემა გამოვლინდა შემდეგში, რომ ბათილი ბიულეტენები არსებითად ნამდვილ ბიულეტენებად იქნა მიჩნეული. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 5 ოქტომბერს, ცესკომ გამოსცა განკარგულება, რომლითაც დაადგინა ბიულეტენის შევსების წესი, სადაც მითითებულია, რომ ნამდვილად მიიჩნევა ის ბიულეტენი, სადაც გაფერადებულია წრე, და ასევე მითითებულია სპეციალური მარკერი. ბიულეტენები ნამდვილად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, როდესაც გაფერადებულია წრის შიდა სივრცე და ეს გაფერადება უნდა მოხდეს სპეციალური მარკერით.
ჩვენს შემთხვევაში, საქმეში დართულია სამი ბიულეტენი, სადაც ორ შემთხვევაში, ცხადად ჩანს, რომ წრე საერთოდ არ არის შემოხაზული. წრესაც კი არ ეხება შემოხაზვა. მარკერი არ ეხება წრეწირს, რაც ცესკოს მიერ გამოცემული განაკრგულების მიხედვით, არის ბათილი. საოლქო საარჩევნო კომისიამ ასეთი ბიულეტენები მიირჩნია ნამდვილად. რაც შეეხება მესამე შემთხვევას - მესამე შემთხვევაში მონიშვნა გაკეთებულია კალმით. თუმცა, 5 ოქტომბერს გამოცემული განკარგულებით, ნამდვილად მიიჩნევა ის ბიულეტენი, რომელიც მარკერითაა მონიშნული.
ამ სამ შემთხვევაში მოხდა სამი არსებითად ბათილი ბიულეტენის ნამდვილ ბიულეტენად მიჩნევა. ბათილი ბიულეტენის დასტიდან ეს სამი ბიულეტენი გადაიდო ნამდვილ ბიულეტენში და მიემატა ეს ხმები კონკრეტულ საარჩევნო სუბიექტს. რაც ცხადია, რომ არის არსებითად პროცედურული ნორმების დაღვება. მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რომ ადმინისტრაციას, არ აქვს უფლებამოსილება შევიდეს იმ მსჯელობაში, არის თუ არა ნება გამოხატული იმ უბნებზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. ამაში მას ეხმარება სწორედ ეს განკარგულება. პირველ ინსტანციაში საოლქო კომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოხდა ნების გამოვლენის შეფასება, რაც არსებითად არ არის სწორი“, - აცხადებენ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები. ჩუღუქრეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, ლევან კაპანაძე მათ ამ განცხადებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ „იქ მონიშნული იყო კონკრეტული სუბიექტი, გამოხატული იყო კონკრეტული ნება“.
"სამართლიანი არჩევნები" ანალოგიურ დარღვევაზე საუბრობს კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის შემთხვევაშიც - "იქ ნამდვილად ცნეს ის ბიულეტენები, რომლებიც არსებითად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი".
ოპოზიციის აქცია სააპელაციო სასამართლოსთან - პირდაპირი ჩართვა
სააპელაციო სასამართლოში სხდომა დაიწყო 12 საათზე. ამ სხდომაზე გაერთიანდა ოთხი საარჩევნო სარჩელი.
ფორუმი