Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.

19:45 2.12.2024

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს „ნაცმაიდანს“ უწოდებს, აცხადებს, რომ საპროტესტო დემონსტრაციები „საერთაშორისო კოორდინაციით“ ტარდება და ამ ქვეყნებს შორის დიდი ბრიტანეთი გამოჰყოფს.

2 დეკემბერს, მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვაზე, - რას აკეთებდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების საპროტესტო დემონსტრაციებზე და ადასტურებს თუ არა იგი რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და პორტუგალიის მოქალაქების დაკავებას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„რეალურად, იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩართულნი. მე არ მინდა, ყველა დავასახელ. იკვეთებოდა სხვადასხვა ქვეყნის ჩართულობა“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ აქედან ჩანს, რომ „ეს იყო კოორდინირებული“:

„საერთაშორისო მასშტაბის კოორდინაცია ჰქონდა. გარდა იმისა, რომ უცხოური დაფინანსებია იყო ჩართული ზოგადად ამ „ნაცმაიდნის“ მოწყობის მცდელობაში, ეს ჩართულობაც იყო აბსოლუტურად კოორდინირებული. სხვანარიად გამორიცხულია, რომ სამი და მეტი ქვეყნის წარმომადგენლები ჩართულნი ყოფილიყვნენ ძალადობრივ ქმედებებში. აქ იყო სერიოზული კოორდინაცია“.

ამის შემდეგ, ამავე კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მასთან შეხვედრა ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა მოისურვა:

„დღეს ბრიტანეთის ელჩმა მოითხოვა ჩემთან შეხვედრა, ამ დღეებში ალბათ მოვახერხებთ შეხვედრას, როგორც ჩანს, ამ თემასთან დაკავშირებით სურს საუბარი“.

19:46 2.12.2024

თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია რამდენიმე წუთია, დაიწყო და სპეცრაზმმა, პარლამენტის შენობის ეზოდან, მათ წინააღმდეგ უკვე წყლის ჭავლი გამოიყენა. ამით, ისინი დემონსტრანტებს შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეების ძირითადი ნაწილი საავტომობილო გზაზე დგას, თუმცა მომიტინგეთა შედარებით მცირე ნაწილი შენობასთან ახლოს, წყლის ჭავლის სიახლოვეს გამოხატავს პროტესტს. რამდენჯერმე გაისროლეს პიროტექნიკაც.

პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩა სრულად აქვთ დაკავებული საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს.

19:59 2.12.2024

აქტივისტი გია ჯვარშეიშვილი დააკავეს რუსთაველზე 1-2 დეკემბრის ღამით. მას სპეცრაზმმა გამეტებით სცემა. გია ჯვარშეიშვილს ნეკნები აქვს ჩამტვრეული, აქვს ტვინის შერყევა, უჭირს სუნთქვა, დაზიანებები აქვს სახესა და სხეულზე - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი აქ:

20:05 2.12.2024

„ყველაფერი გასაგებია“, - ამ ორი სიტყვით ეხმაურება შეერთებული შტატების საელჩო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან ურთიერთობების შეჩერებაზე.

საელჩომ გამოაქვეყნა ირაკლი კობახიძის ის სიტყვები, რომლებიც მან 28 ნოემბერს წარმოთქვა ბრიფინგზე:

„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი“.

პირველ დეკემბერს ირაკლი კობახიძემ BBC-ის ჟურნალისტის, სტივ როზენბერგის კითხვაზე პასუხად განაცხადა: „ჩვენ არაფერი არ შეგვიჩერებია ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ეს უბრალოდ ტყუილია“.

30 ნოემბერს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება სათაურით - „საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე“.

ეს მოჰყვა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ დაძაბულობას რამდენიმე თვის განმავლობაში და გაუარესებულ ურთიერთობებს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG