Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.

01:29 6.12.2024

პუტინისთვის საქართველოს ინტერესების მიყიდვა ივანიშვილს კარგს არაფერს მოუტანს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების სანქცირების შესახებ.

მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს „მათ წინააღმდეგ, ვისაც ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს“.

„საქართველოს ინტერესების პუტინისთვის მიყიდვა ივანიშვილს კარგს არაფერს მოუტანს“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი 5 დეკემბერს X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

იგი მსგავსი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს დასავლელ პარტნიორებს:

„მნიშვნელოვანია, რომ იგივე პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღონ ჩვენმა პარტნიორებმა მსოფლიოში - როგორც ევროპელებმა, ისე ამერიკელებმა და, ზოგადად, ყველამ, ვინც პატივს სცემს ქვეყნების დამოუკიდებლობასა და კანონის უზენაესობას“, - ამბობს ის.

რამდენიმე საათით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ პერსონალური და ეკონომიკური სანქციების დაწესების ბრძანებას.

ზელენსკის განცხადებით, სანქციები მიმართულია 19 პირის წინააღმდეგ, რომლებიც „საქართველოს პუტინს აბარებენ“ და რის გამოც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებია.

სანქციები ეხებათ:

  • ბიძინა ივანიშვილს
  • პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს
  • მის მამას, გიორგი კობახიძეს,
  • თბილისის მერ კახა კალაძეს,
  • საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს,
  • იუსტიციის და კულტურის ყოფილ მინისტრს, დეპუტატ თეა წულუკიანს,
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილს,
  • შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს,
  • უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე შალვა თადუმაძეს,
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეს და
  • ამავე სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძეს
  • ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს
  • ტელეკომპანია „იმედის" მფლობელ ირაკლი რუხაძეს
  • კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელ კახა ბექაურს
  • რეჟისორი გიორგი ხაინდრავას
  • ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს
  • სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძეს
  • დიმიტრი სამხარაძეს (პარლამენტარს)
  • მის კოლეგა ვიქტორ ჯაფარიძეს.
02:42 6.12.2024


„ვფიქრობ, სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ საქართველოს ახლანდელი არალეგიტიმური მთავრობა არის რუსეთის მარიონეტი მთავრობა და სამართლიანი იქნება ითქვას, რომ ბატონი ივანიშვილი მთელ ამ სიტუაციაში ძალიან აქტიურ როლს ასრულებს.“ - თქვა უილიამ ბრაუდერმა, Hermitage Capital Management-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა

02:55 6.12.2024

არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს" ინფორმაციით, 20 წლის ნაცემი ბიჭის სასამართლოდან კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც დაკავებული დიღმის იზოლატორში 35 საათის განმავლობაში ითხოვდა სამედიცინო დახმარებას.

საქმე ეხება 4 დეკემბერს, გამთენიისას დაკავებულ და ნაცემ ბიჭს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ დაჟინებით ითხოვდნენ მის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას, ბოლოს კი სასამართლოს შენობიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოში გადაიყვანა.

„მაგინებდნენ, ცოცხალს არ დაგტოვებო. ერთმანეთს ეუბნებოდნენ მოკალით და სადმე გადააგდეთ, ვინ გაიგებსო. მირტყამდნენ და იცინოდნენ“, - უთხრა ადვოკატს დაკავებულმა. დასისხლიანებულს სუნთქვა უჭირდა და ხელს აფარებდნენ პირზე - გამეტებით ურტყამდნენ თავში, სახეში და წიხლებს მთელ სხეულზე, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და მოკვლით.

14:03 6.12.2024

6 დეკემბრის მონაცემებით, პროევროპულ აქციებზე, რვა დღის განმავლობაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულია 338 პირი.

მათგან 5 – 6 დეკემბრის ღამეს დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აწვდის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საპროტესტო აქცია. 4 დეკემბერი, 2024
საპროტესტო აქცია. 4 დეკემბერი, 2024

დაკავებულებს სამართალდამცავების ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებიან, რაც გულისხმობს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას.

დაკავებულების სასამართლო პროცესები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. დაკავებულების ნაწილს მოსამართლეები ადმინისტრაციულ ჯარიმას, ნაწილს კი ადმინისტრაციულ პატიმრობას აკისრებენ.

დაკავებულთა უმეტესობა ამბობს, რომ მათ სპეცრაზმის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ ნაწილს დასჭირდა კლინიკაში გადაყვანა. მძიმე დაზიანებები ეტყობა მათ როგორც სახეზე ისე სხეულის სხვადასხვა ნაწილში.

არის შემთხვევები, როდესაც სასამართლო სხდომებს დაკავებულები სისხლიანი ტანსაცმლით ესწრებიან.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე სამართალდამცავების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე 319 განცხადებაა შესული.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG