პროტესტის მეექვსე დღე - რადიო თავისუფლების ფოტოგრაფის დათო ქორიძის ფოტოები.
რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ დემონსტრანტებმა დელისამდე მსვლელობა მოაწყვეს
აქციის მონაწილეებმა, რომელთა დასაშლელადაც პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი აირი გამოიყენა, დედაქალაქში რუსთაველის გამზირიდან დელისის მეტროსადგურამდე მსვლელობა მოაწყვეს. გმირთა მოედანზე, მელიქიშვილის, კოსტავას, პეკინისა და შარტავას ქუჩებზე ამ მიზეზით საავტომობილო მოძრაობა შეჩერებული იყო.
აქციის მონაწილეებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სურდათ მისვლა, თუმცა პოლიციის გამოჩენაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ მსვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტროსადგურ „დელისთან“ დასრულდა.
პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა დაშლა 03:30 საათისთვის განაახლა. მათ დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე.
„მარშუტკის კარი რო გააღეს, იქ ერთი ადამიანი იჯდა, რომელსაც სპეცრაზმელი საშინლად ურტყამდა და თან უშვერი სიტყვებით აგინებდა, „ამოიღე ხმაო“. ის ადამიანი აღმოჩნდა მუნჯი. ვიღაცამ სპეცრაზმელებიდან უთხრა ამ კაცს, მგონი მუნჯია, გაანებე თავიო, ერთი მაგისიცო და ის არ ეშვებოდა, ამოიღოს ხმა, აქ რომ არის, აბა როგორ უნდაო.“
პოლიციის მხრიდან დაკავების შემდეგ ძალადობის ამბავს მთარგმნელი დათა ხარაიშვილი გვიყვება.
სპეცრაზმი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაადგილდება.
ფორუმი