Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პუბლიკა" მუქარად თვლის პაპუაშვილის პოსტს, რომელშიც ის დანაშაულის "რეკლამირებაში" ადანაშაულებს გამოცემას


ონლაინგამოცემა "პუბლიკა" მუქარად მიიჩნევს შალვა პაპუაშვილის ფეისბუკსტატუსს, რომელიც მან 2 თებერვლის ღამეს გამოაქვეყნა და რომელშიც მედიის დაფინანსების წყაროსა და მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შინაარსს განიხილავს.

"ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს", - წერს ლეგიტიმაციის პრობლემების მქონე ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე და ავითარებს მსჯელობას, რომ დაგეგმილი აქციის გაშუქება არის მედიის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის "რეკლამირება", ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი კი ის დონორი ორგანიზაციაა, რომელიც კანონის დამრღვევ მედიას აფინანსებს. პაპუაშვილის თქმით, "პუბლიკის" შემთხვევაში ეს ევროკავშირია.

პოლიტიკოსის სტატუსი შეეხება 2 თებერვალს "თბილისი მოლთან" დაგეგმილ აქციას, რომლის მონაწილეებიც თბილისში შემომავალი საავტომობილო გზის გადაკეტვას გეგმავენ - ამ აქციის დაანონსების შემდეგ კანონში ცვლილებები დაჩქარებულად შევიდა იმგვარად, რომ ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაული გამხდარიყო.

შალვა პაპუაშვილის ამ პოსტის გამოქვეყნებას წინ უსწრებდა აქტივისტების სახლებში ჩატარებული ჩხრეკა, მათი გამოკითხვა პოლიციაში და რამდენიმეს დაკავება - მათგან ყველას კითხვებს 2 თებერვლის აქციის შესახებ უსვამდნენ.
შალვა პაპუაშვილის ამ პოსტის გამოქვეყნებას წინ უსწრებდა აქტივისტების სახლებში ჩატარებული ჩხრეკა, მათი გამოკითხვა პოლიციაში და რამდენიმეს დაკავება - მათგან ყველას კითხვებს 2 თებერვლის აქციის შესახებ უსვამდნენ.

"პუბლიკა” ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ანონსებს და ა.შ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ,,პუბლიკამ" დღეს გააშუქა ბრძანება, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო მნიშვნელობის გზები სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შევიდა და საზოგადოებას განუმარტა, რომ მისი ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე გაშუქდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრევენციული განცხადება ხვალ დაანონსებულ აქციაზე.

შალვა პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს ჩვენ მიმართ სიძულვილს და ძალადობას, რაც დასტურდება მის პოსტზე კომენტარებით", - ასე გამოეხმაურა "პუბლიკა" პაპუაშვილის განცხადებას. მედიაგამოცემის ჟურნალისტები პოლიტიკოსის სტატუსს მუქარად მიიჩნევენ.

პაპუაშვილის მუქარას "პუბლიკის" მისამართით გმობს "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც" და მის ამ სტატუსს დამოუკიდებელი მედიის მიმართ სიძულვილის გაღვივებად მიიჩნევს.

"მედიის პასუხისმგებლობის დაყენება მოვლენის გაშუქების გამო მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის უხეშ მცდელობას წარმოადგენს. შალვა პაპუაშვილმა თავისი პოსტით მიზანმიმართულად გააღვივა სიძულვილი დამოუკიდებელი ონლაინ მედიის მიმართ. ამას ადასტურებს კომენტარები მისი პოსტის ქვეშ და ისიც, რომ თავად მედიასაშუალებამ შალვა პაპუაშვილის პოსტი თავდასხმად და მუქარად აღიქვა", - ნათქვამია "ქარტიის" განცხადებაში.

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, პატივი სცეს პრესის თავისუფლებას, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და საერთაშორისო კონვენციებით, რომელთა ხელმომწერიც არის საქართველო, და ხელი აიღოს დამოუკიდებელი მედიის დევნასა და შევიწროებაზე.

პაპუაშვილის მიერ "პუბლიკაზე" თავდასხმა არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის დამოუკიდებელ მედიაგამოცემებზე აკეთებს განცხადებებს.

გასული წლის აქციებზე გამოცემა "პუბლიკის" ჟურნალისტები პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს არაერთხელ გამხდარან ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნეები პოლიციის მხრიდან - ალექსანდრე ქეშელაშვილსა და მინდია გაბაძეზე ძალადობის არცერთი შემთხვევა არ არის გამოძიებული. მინდია გაბაძე პოლიციელების მხრიდან გულგრილობის მსხვერპლი გახდა ერთ-ერთ აქციაზე, სადაც მას "ტიტუშკები" ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ ინციდენტიდან რამდენიმე მეტრში მდგომმა პოლიციის ეკიპაჟმა კი მიმართვის მიუხედავად, დანაშაულის აღსაკვეთად არაფერი გააკეთა.

პაპუაშვილის პოსტის ფონია გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობა. პროტესტის ნიშნად იგი ციხეში 22 დღეა, შიმშილობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG