Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მერე გვიანი იქნება - მერე უკვე ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდებით” - დაინიუს ზალიმასი „ქართულ ოცნებას”


ვაჟა თავბერიძის ინტერვიუ ევროპარლამენტარ დაინიუს ზალიმასთან
ვაჟა თავბერიძის ინტერვიუ ევროპარლამენტარ დაინიუს ზალიმასთან

„ამჟამინდელი ერთპარტიული პარლამენტი და მისი მარიონეტული პრეზიდენტი არ შეიძლება აღიარებულ იქნეს ლეგიტიმურად - ევროკავშირის არცერთი მაღალი რანგის პოლიტიკური ორგანო მათ არ მიიღებს”, - ეუბნება ევროპარლამენტარი დაინიუს ზალიმასი რადიო თავისუფლებას.

ლიეტუვის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე (2014-2021), ევროპარლამენტის წევრი 2024 წლის ივნისიდან, საქართველოში დეკემბრის ბოლოს იმყოფებოდა. ვაჟა თავბერიძე მას 13 თებერვალს ევროპარლამენტის მორიგი კრიტიკული რეზოლუციის მიღების შემდეგ ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: „ქართული ოცნების“ პრემიერმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს. რას უპასუხებდით?

დაინიუს ზალიმასი: ვინ პრემიერმა? იმ კაცმა, ორბანის გარდა და კიდევ, შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლების გარდა სხვა არავინ რომ არ სცემს ხმას? მისი ნარატივი კლასიკური პრორუსული ნარატივია, ადეკვატურობას განშორებული და რეალობას არ ასახავს. აი, რეზოლუცია კი ასახავს რეალობას, სადაც „ქართული ოცნების“ რეჟიმი მზარდ იზოლაციაშია მოქცეული, პოლიტიკური და სანქციების წნეხის ქვეშ.

რადიო თავისუფლება: და მაინც, რეზოლუციის გავლენაზე, წონაზე მინდა ჩაგეძიოთ – რამდენად სავარაუდოა, რომ ის საფუძვლად დაედება ევროკავშირის პოლიტიკასა და მიდგომას საქართველოსთან მიმართებით?

რეზოლუციაში მკაფიოდ და ცალსახად არის ხაზგასმული, რომ დღეს საქართველოში ლეგიტიმური მთავრობა არ არსებობს...

ზალიმასი: ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული გავლენა ექნება – როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებზე, ისე ცალკეულ წევრ ქვეყნებზე. ვფიქრობ, ევროკომისია და ევროპული საბჭო ამ რეზოლუციის ძირითად პრინციპებს დაიცავენ და მათი განხორციელებისთვის იმუშავებენ, განსაკუთრებით კი, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის მიმართულებით. რეზოლუციაში მკაფიოდ ხაზგასმულია, რომ 120 მილიონი ევროს მოცულობის დახმარება შესაძლოა სწორედ ამ მიზნებისთვის გადამისამართდეს – რათა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და მედია არ ჩამოიშალოს.

ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაზეც ექნება გავლენა – სულ მცირე, 25 ქვეყანაზე, ორბანის უნგრეთისა და ფიცოს სლოვაკეთის გამოკლებით.

გარდა ამისა, რეზოლუციაში მკაფიოდ და ცალსახად არის ხაზგასმული, რომ დღეს საქართველოში ლეგიტიმური მთავრობა არ არსებობს. ამჟამინდელი ერთპარტიული პარლამენტი და მისი მარიონეტული პრეზიდენტი არ შეიძლება აღიარებულ იქნეს ლეგიტიმურად - ევროკავშირის არცერთი მაღალი რანგის პოლიტიკური ორგანო მათ არ მიიღებს.

ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილი უნდა იქნეს აღიარებული როგორც სახელმწიფოსა და ხალხის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი – და ეს ყოველდღიურ დიპლომატიურ ურთიერთობებში უნდა აისახოს.

რაც შეეხება სანქციებს – ეს რეზოლუცია დანარჩენ 25 ქვეყანას - ზემოხსენებული ორი გამონაკლისის გარდა - უბიძგებს, შემოიღოს სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, ვინც საქართველოში შექმნილ კრიზისზეა პასუხისმგებელი.

რადიო თავისუფლება: მაგრამ როგორ აისახება ეს ყველაფერი ევროკავშირის პოლიტიკასა და მიდგომაში, თუ, როგორც თქვენც თქვით, 27 ქვეყნიდან მხოლოდ 25 უჭერს მხარს რეზოლუციას, ხოლო უნგრეთი და სლოვაკეთი, სავარაუდოდ, ტრადიციისამებრ, დაბლოკავენ ნებისმიერ ერთხმად მისაღებ გადაწყვეტილებას?

ზალიმასი: ევროკავშირის საბჭოს აქვს გარკვეული ბერკეტები – მოლაპარაკების ინსტრუმენტები, რომლებიც შეუძლია, უნგრეთისა და სლოვაკეთის პოზიციაზე ზეწოლისთვის გამოიყენოს.

რადიო თავისუფლება: მაგალითად? როგორ აპირებთ ორბანის გადარწმუნებას, რომ „ქართულ ოცნებას“ დაეხსნას?

ზალიმასი: ფინანსური ბერკეტები. აბსტრაქტულად რომ ვთქვათ, დაფინანსების გარკვეული პაკეტები შესაძლოა პირდაპირ მიებას უნგრეთის პოზიციას ამ საკითხებთან დაკავშირებით.

თუ ეს რეზოლუცია არ შესრულდა, ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდება კონკრეტული კომისრების მიმართ – და ევროკომისიის მიმართაც, მთლიანობაში.

რადიო თავისუფლება: და არის კი საქართველო საკმარისად მნიშვნელოვანი თემა ბრიუსელისათვის, ამაზე წასასვლელად - უნგრეთისთვის დაფინანსების შესაჩერებლად, სანამ არ „მორჯულდება“, ისე როგორც უკრაინის საკითხებში ხდება ხოლმე?

ზალიმასი: ვიტყოდი, რომ კი, საქართველო მნიშვნელოვანია - დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპული ფასეულობებისთვის სწორედ ქართველი ხალხი იბრძვის, ამიტომ ლოგიკა მოითხოვს, რომ ევროკავშირმა მათ მხარი დაუჭიროს.

რა თქმა უნდა, 27 ქვეყანას შორის შეთანხმება ყოველთვის რთულია და თითქმის გარდაუვალად ჭიანურდება ხოლმე. მაგრამ ევროპარლამენტი სწორედ იმიტომ იღებს მსგავს რეზოლუციებს, რომ ევროკომისიასა და საბჭოზე პოლიტიკური ზეწოლა მოახდინოს და რეაგირება აიძულოს.

თუ ეს რეზოლუცია არ შესრულდა, ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდება კონკრეტული კომისრების მიმართ – და ევროკომისიის მიმართაც, მთლიანობაში.

რადიო თავისუფლება: დაბოლოს, რას ეტყოდით ქართველ ხალხს, ვინც დღემდე ქუჩაშია, და, მეორე მხრივ, რას ეტყოდით „ქართულ ოცნებას”?

ზალიმასი: მე ყოველთვის მწამდა ხალხის ძალის. ვუყურებ ქართველების სიმამაცეს და მჯერა, რომ საბოლოოდ, ისინი გაიმარჯვებენ. ასე რომ, ვეტყოდი: ნუ დანებდებით. გააგრძელეთ. ადრე თუ გვიან, თქვენ გაიმარჯვებთ.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ – მოვუწოდებ, გონს მოეგონ. ჯერ კიდევ არ არის გვიანი, გადადგნენ და ხალხს შესაძლებლობა მისცენ, ლეგიტიმური მთავრობა შექმნას. თუ ამას დროზე არ იზამთ, მერე გვიანი იქნება - მერე უკვე ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდებით, სასამართლოს წინაშე. და არა მხოლოდ სახელმწიფოს ღალატისთვის, არამედ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვისაც გასამართლდებით.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG