სალომე ასათიანის პოდკასტი
„პოეტის ცხოვრებით არ ვცხოვრობ. გამოვიყურები და ვიქცევი როგორც დიასახლისი. ჩემი შვილი მეგობრებს ეუბნება ხოლმე - დედა ისაა, ვინც მთელი დღე ბეჭდავს“ – ამბობდა ამერიკელი პოეტი, ენ სექსტონი. და დასძენდა - „მე ვარ ქალაქის შემოგარენში მცხოვრები დიასახლისი, უბრალოდ ლექსებს ვწერ და ზოგჯერ ცოტა შეშლილი ვხდები“.
Her Kind, „მისი მსგავსი“ - ასე ჰქვია ენ სექსტონის ყველაზე ცნობილ, 1960 წელს გამოქვეყნებულ ლექსს, რომელშიც მარტოსული დიასახლისი შეპყრობილ, „წყეულ ალქაჯად“ გადაარსებას გაივლის და კუნაპეტ ღამეში ამაყად გამოდის გარეთ, რათა უსამართლო სამყაროს წყვეტა, მღელვარება და სკანდალი დაატეხოს თავს. ესაა სექსტონის მანიფესტი, რომელიც პატივს მიაგებს ყველა დროსა და სივრცეში მცხოვრებ, გარიყულ და ამბოხებულ ქალებს და, ამავდროულად, თავად სექსტონის ბიოგრაფიასაც ყვება. ამბავს ქალისა, რომელიც ღრმა დეპრესიის მქონე დედიდან, დიასახლისიდან და ფსიქიატრიული საავადმყოფოების პაციენტიდან სიცოცხლეშივე გადაიქცა ძლიერ, აღიარებულ, პულიცერის პრემიის მფლობელ ავტორად - ერთ-ერთ წამყვან და უნიკალურ ხმად მეოცე საუკუნის ინგლისურენოვან ლიტერატურაში.
“ენ სექსტონის პოეზია ყვება ამბებს, რომლებსაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს თანამედროვეობის სახელოვნებო და ფსიქიკური ცხოვრებისთვის. ... ის იკვლევდა მითებს, რომლებითაც ჩვენი კულტურა ცოცხლობს და კვდება - არქეტიპულ ურთიერთობებს დედებსა და ქალიშვილებს შორის, მამებსა და ქალიშვილებს შორის, დედებსა და ბიჭ შვილებს შორის, ღმერთებსა და ადამიანებს შორის, კაცებსა და ქალებს შორის“ - წერს ლიტერატურის ისტორიკოსი, დაიანა ჰიუმ ჯორჯი. და განაგრძობს - „მისი პოეზია მოიხელთებს მრავალნაირობას და სისადავეს, გაორებას და ერთიანობას, საკრალურსა და მიწიერს - და ჯიუტად წარმოაჩენს მათ მსგავსებას. სექსტონი იმ ძალების ინტიმურობას ცხადყოფს, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება მუდმივად ერთმანეთთან დაპირისპირებულად აღიქვამს“.
სექსტონი პერფორმანსებითაც იყო ცნობილი - არსებობს ბევრი მოგონება პოეზიის კითხვის საღამოებზე, სადაც მომნუსხველად ლამაზი, ლურჯთვალებიანი და მუქთმიანი ენ სექსტონი, როგორც წესი, წითელ კაბაში შემოსილი წარდგებოდა ხოლმე მაყურებლის წინაშე, და მის მიერვე დაარსებული ლიტერატურული როკჯგუფის - Anne Sexton and Her Kind - აკომპანიმენტის თანხლებით აუდიტორია ექსტაზის მდგომარეობამდე მიჰყავდა. მისი პოეზია იზიდავდა ქალებს, რომლებსაც რეპრესიული გენდერული ნორმები უხშობდა რეალიზების სივრცეს; ფსიქიკური დაავადებების მქონე, სტიგმატიზაციის მსხვერპლ ადამიანებს; იზიდავდა ყველას, ვინც თავს უადგილოდ და გაუცხოებულად გრძნობდა ცივი ომის პერიოდის ამერიკის კონსერვატიული, ეჭვებსა და შიშებზე დაფუძნებული კლიმატისგან.
აუდიტორიას სექსტონი თავისი უნიკალური ძალით, მაგნეტიზმით მონუსხავდა ხოლმე - უკომპრომისო პიდაპირობით, ყველა ინკარნაციაში. როგორც საუნივერსიტეტო განათლების არმქონე დიასახლისი, რომელმაც თავი დაიმკვიდრა მაღალი ლიტერატურის ინტელექტუალურ, მასკულინისტურ და სნობურ სივრცეებში; როგორც ფსიქიკური დაავადების მქონე პაციენტი, რომელმაც წერა მკურნალი ფსიქიატრის რჩევით დაიწყო და სწორედ თავის ქაოსურ და ტკივილიან გონებაში იპოვა შთაგონებისა და შემოქმედების წყარო; როგორც ფემინისტი - როცა ლაპარაკობდა ქალის სხეულზე, ოჯახურ საიდუმლოებებზე, დედად ყოფნის სირთულეებზე, სასიყვარულო რომანებზე. და ღმერთის, საკრალურის, ტრანსცენდენტურის შფოთიან და უიმედო ძიებაზე, თუ მის წამიერ მოხელთებაზე.
ენ სექსტონს “კონფესიონალური”, იგივე “აღსარებითი” პოეზიის ავტორად იცნობენ - ეს სახელი მიემართებოდა პოეტებს, რომლებიც ამერიკის ლიტერატურულ ტრადიციაში 1950-იანი წლებიდან ძლიერი, პირველ პირში მოლაპარაკე ხმებით ალაპარაკდნენ ინტიმურ, ტკივილიან, პირადულ ამბებზე. ამ პოეტებს შორის იყვნენ რობერტ ლოუელი - სექსტონის მასწავლებელი; და ბრწყინვალე და ტრაგიკული სილვია პლათი - სექსტონის ახლობელი და თანაკურსელი. თუმცა პოეზიის ამ რეგისტრის სინონიმად მაინც სექსტონის სახელი გადაიქცა - მას „კონფესიონალური პოეზიის დედას“, თუ „უმაღლეს ქურუმსაც“ კი უწოდებენ ხოლმე, იმიტომ რომ ის ალბათ აქაც ყველაზე უკომპრომისოა. „სექსტონი ღიად წერდა მენსტრუაციაზე, აბორტზე, მასტურბაციაზე, ინცესტზე, ადიულტერზე, ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაზე - იმ დროში, როცა ამ თემებიდან არც ერთი არ ითვლებოდა მართებულად პოეზიისთვის“, ამბობდა მისი ახლო მეგობარი, თავადაც პოეტი მაქსინ ქიუმინი.
მაგრამ სექსტონის პოეტიკა ბევრად მეტია, ვიდრე აღსარების ყოვლისმომცველი ვნება - გვეტყვიან მისი მკვლევრები და მკითხველები. აღსარების იმპულსი ნიღბავს თვალთმაქცობის იმპულსს, სურვილს შენი მხურვალე გულწრფელობით დიდი აღტაცება გამოიწვიოო - ამბობს დიდი მწერალი, ჯონ მაქსველ კუტზეე, და ეს სექსტონმაც კარგად იცის. მისთვის აღსარება არც პირადი პრობლემების გადაჭრის გზაა, არც „სიმართლის“ პოვნის და, მით უფრო, არც კათარზისის განცდის. სექსტონს უწინარესად წერის პროცესი აღელვებს, და ის ძალაუფლებრივი, მორალისტური თუ მასკულინისტური კონტექსტები აინტერესებს, რომლებშიც აღსარების აქტი ხდება.
ენ სექსტონის უნიკალურ პოეტიკაზე „ასათიანის კუთხეში“ სამი სტუმარი მოგვითხრობს - დონ სკორჩევსკი, ამერიკელი მკვლევარი, რომელიც ამჟამად ამსტერდამის საუნივერსიტეტო კოლეჯში ასწავლის, ჯო გილი, ლიტერატურის პროფესორი გლაზგოს უნივერსიტეტში და ამანდა გოლდენი, ნიუ-იორკის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი.
ჩვენი სტუმრები მოგვიყვებიან სექსტონის ტკივილიან ბიოგრაფიაზე, მის ტრავმულ ბავშვობაზე, მძიმე ფსიქიკურ დაავადებაზე, რთულ პირად ურთიერთობებზე - მათ შორის სასიყვარულო კავშირზე ერთ-ერთ ფსიქიატრთან, რომლის მხრიდან უარყოფამაც სექსტონი შეუქცევად სასოწარკვეთაში ჩააგდო, მის მკითხველებს კი ამ ურთიერთობიდან დაგვრჩა უმშვენიერესი ლექსი - „ჩემს საყვარელს, რომელსაც ცოლთან დაბრუნება უნდა“. ვილაპარაკებთ მის სუიციდის ვნებაზე - ენ სექსტონმა 1974 წლის 4 ოქტომბერს მოიკლა თავი, 45 წლის ასაკში. წავიკითხავთ ემბლემატურ ლექსებს, რომლებიც მიემართება მისი პოეტიკის უნიკალურ მხარეებს - მის უნარს წეროს ემოციაზე, რომელსაც აღძრავს ქალის სხეულში ცხოვრების რეალობა, მათ შორის ლექსებში „მენსტრუაცია 40 წლის ასაკში“, „ქებათა ქება ჩემს საშვილოსნოს“; პოეტურ გამოცდილებად გადააქციოს მტკივნეული ურთიერთობა დედ-მამასთან, როგორც ტექსტებში „ჩემი ყველა საუნჯე“, „ორმაგი სახე“. მოგიყვებით ენ სექსტონის მგრძნობელობით აღქმულ ქალაქის შემოგარენზე - ამერიკულად suburbia - სადაც სახლის გარემო, ოჯახური, შინაურული ატმოსფერო დამზაფვრელად ირეკლავს იდეოლოგიურ და პოლიტიკურ დაძაბულობას, ცივი ომის პერიოდის ამერიკის თვალთვალისა და ეჭვების კლიმატს.
და მთავარი - ვილაპარაკებთ ენ სექსტონის უნიკალურ უნარზე გადარჩენის გზად შემოქმედება გადაექცია, და თავისივე ფსიქიკურ მღელვარებასა თუ გონების ქაოსში ეპოვა სიძლიერე და პოეტური ხმა. ლიტერატურა ადამიანის დაკარგულობის, გზააბნეულობის, მარტოობის განცდით დაიწყო - აცხადებს სექსტონი. და, როგორც ჩვენი სტუმრები გვეტყვიან, ეს განაცხადი წინააღმდეგობის ის მძლავრი იმპულსია, რომელიც ადამიანებს დღევანდელ სამყაროშიც ძალიან გვჭირდება.
ფორუმი