ვითარება 2025 წლის იანვარში შეიცვალა, როდესაც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სტრატეგიული მდებარეობის მქონე, რესურსებით მდიდარ ტერიტორიაზე კონტროლის აღების სურვილი გამოთქვა.
ამ განცხადებამ მთელ ევროპაში შოკი გამოიწვია, განსაკუთრებით კი ნატოს მოკავშირე დანიაში, რომელსაც ეკუთვნის კიდეც გრენლანდია. (კოპენჰაგენი განსაზღვრავს საგარეო და მონეტარულ პოლიტიკას, გრენლანდიელები მართავენ საშინაო საკითხებს.)
შედეგად, ახლა მთელი მსოფლიო ელოდება 11 მარტის არჩევნებს, რომელიც გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუნე ეგედემ დანიშნა ტრამპის განცხადებების შემდეგ. მართალია, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი ახლაც საშინაო საქმეებთანაა დაკავშირებული, მაგრამ მთავარი საკითხი ნათელია: გრენლანდია ამერიკისკენ უნდა წავიდეს, დანიაში დარჩეს თუ დამოუკიდებლობისკენ დაიწყოს სწრაფვა?
ერთი რამ ცხადია: გრენლანდიელების უმეტესობას არ სურს ამერიკელები გახდნენ. ხუთი საპარლამენტო პარტიიდან ამას მხარს არცერთი არ უჭერს. დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან ერთად, ეგედემ ნათლად თქვა, რომ გრენლანდია - დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორია - არ იყიდება და მხოლოდ გრენლანდიელებს შეუძლიათ გადაწყვიტონ მისი მომავალი. საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს საარჩევნო კამპანიაში როგორც ანონიმურ, ისე უცხოურ შემოწირულებას.
მაგრამ რა მოხდება, თუ შემოთავაზება, რომელზედაც უარს ვერ იტყვიან, მაინც გაკეთდება? შეერთებულმა შტატებმა კუნძულის მიმართ ინტერესი პირველად მე-19 საუკუნეში გამოხატა. ეს ტერიტორია რეალურად უფრო ახლოს ჩრდილოეთ ამერიკასთანაა, ვიდრე ევროპის კონტინენტთან. გრენლანდიის უსაფრთხოება უკვე გარანტირებულია ჩრდილოეთში მდებარე აშშ-ის საჰაერო ბაზის გამო.
ბოლო დროს არქტიკის მიმართ სხვა დიდი სახელმწიფოებიც იჩენენ ინტერესს. ჩინეთიც და რუსეთიც აქტიურები არიან რეგიონში. გარდა იმისა, რომ აქ იშვიათ მიწათა მინერალები მოიპოვება, ტემპერატურის თბობა ზღვის ყინულს ადნობს და მოგებიან სავაჭრო მარშრუტებს აჩენს. შეიძლება კუნძული არ გახდეს ამერიკული, მაგრამ შესაძლებელია ვაშინგტონთან რაიმე სახის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება.
გრენლანდიელები კონსერვატიული ხალხია. მათთვის მოგებიანი ბიზნესის წარმოების შესაძლებლობაზე მეტად სამშობლოს შენარჩუნება ფასობს. გრენლანდიაში ამჟამად მხოლოდ ორი მაღარო ოპერირებს. 2021 წელს, ბოლო არჩევნების შემდეგ, მათ გადაწყვიტეს შეეზღუდათ ნავთობისა და გაზის მოპოვება, აეკრძალათ ურანის მოპოვება.
აი, აქ ჩნდება დანიის საკითხი. ხუთი საპარლამენტო პოლიტიკური პარტიიდან სამს დანიისგან დამოუკიდებლობა სურს. მათ შორისაა პრემიერ-მინისტრ ეგედეს მემარცხენე პარტია „ხალხის თანამეგობრობა“, რომელიც ოთხი წლის წინ პირველზე გავიდა და, სავარაუდოდ, კვლავ გაიმარჯვებს. იგივე პოზიცია აქვს მმართველი პარტიის ამჟამინდელ კოალიციურ პარტნიორს, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას „წინ“, რომელიც მეორე ადგილს უმიზნებს. თუმცა ლიბერალური პარტია „დემოკრატები“, რომელიც დანიასთან კავშირში დარჩენას ამჯობინებს, ბოლო გამოკითხვებში კარგ შედეგს აჩვენებს. მათ შეიძლება გაართულონ ნებისმიერი კოალიციის ჩამოყალიბება.
გრენლანდიელთა უმეტესობა კი ამბობს, რომ დამოუკიდებლობა სურთ, მაგრამ, ამავე დროს, ცხოვრების ამჟამინდელი სტანდარტების შენარჩუნებაც უნდათ. ამ კუთხით კი კუნძული დიდწილად დანიაზეა დამოკიდებული. გრენლანდია დანიის გვირგვინის ერთგული 1814 წლიდანაა. მისი ექსპორტის 50 პროცენტი დანიაში მიდის და მისი იმპორტის 60 პროცენტი დანიიდან მოედინება. მოსახლეობის ნახევარი საჯარო სექტორშია დასაქმებული, რომელსაც კოპენჰაგენი დიდწილად აფინანსებს გრანტების მეშვეობით. დანიის მთავრობამ გასულ თვეში პირობა დადო, რომ კუნძულის ირგვლივ უსაფრთხოების გასაძლიერებლად 2 მილიარდ ევროს გამოყოფდა.
გრენლანდიაში კომისიაც შექმნეს, რომელიც შეისწავლის, თუ როგორ შეიძლება გრენლანდია დამოუკიდებელი გახდეს. არსებითად ეს სამ ნაბიჯს გულისხმობს.
პირველ რიგში, გრენლანდია კოპენჰაგენთან უნდა შეთანხმდეს, თუ რა ფორმა ექნება განცალკევებას. ასევე, გრენლანდიის მასშტაბით უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ, რომელიც დადებით შედეგს აჩვენებს. და ბოლოს, ეს ყველაფერი დანიის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებს სურთ, რომ რეფერენდუმი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩატარდეს. თუმცა ტერიტორიის გამო გაჩენილი გაურკვევლობის გათვალისწინებით, 2025 წლისთვის ამას ნამდვილად არავინ დაგეგმავს.
ფორუმი