საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში აშშ-სა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა.
რვასაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ უკრაინა დასთანხმდა აშშ-ს შეთავაზებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რასაც ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმება უნდა მოჰყვეს.
„უკრაინაში მშვიდობის შესახებ ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა“, - თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მარკო რუბიომ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
„უკრაინამ დადებითი ნაბიჯები გადადგა, იმედი გვაქვს, რუსეთიც შესაბამისად მოიქცევა“, - დასძინა აშშ-ის მთავარმა დიპლომატმა, რომელიც რუსული მხარის წარმომადგენლებს უახლოეს დღეებში შეხვდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც რიადში იყო, მაგრამ მოლაპარაკებებს არ დასწრებია, მოგვიანებით თქვა:
"აშშ-მა შემოგვთავაზა 30-დღიანი ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, არამხოლოდ რაკეტებისთვის, დრონებისა და ბომბებისთვის, არამედ მთელ ფრონტის ხაზზე. უკრაინა ამაზე თანახმაა და ამას დადებითად უყურებს. აშშ-მა რუსეთი უნდა დაარწმუნოს, რომ იგივე ქნას".
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, მაიკ უოლცის თქმით, რომელიც რუბიოსთან ერთად ესწრებოდა შეხვედრას, მოლაპარაკებები ეხებოდა „არსებით დეტალებს, თუ როგორ უნდა დამთავრდეს უკრაინის ომი“.
მისი თქმით, განიხილეს ის „გარანტიები, რომელიც უკრაინას ექნება გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის“. უოლცს არ დაუკონკრეტებია, კერძოდ რა გარანტიებზეა საუბარი.
გარდა ამისა, შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის და „უსაფრთხოების დახმარების“ მიწოდებას.
ვაშინგტონმა კიევისთვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემა გასულ კვირას შეწყვიტა, როცა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა.
მაიკ უოლცი კი ახლა ამბობს, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში.
აღდგენილი ხიდი
ამერიკელებსა და უკრაინელებს შორის ეს პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო 28 თებერვლის შემდეგ, როცა თეთრი სახლის ოვალურ ოფისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კამერების წინაშე ცხარედ იკამათეს.
ვოლოდიმირ ზელენსკი დღევანდელ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა. მის ნაცვლად, უკრაინის მხარეს წარმოადგენდა მისი ადმინისტრაციის უფროსი ანდრი ერმაკი თავის მოადგილე პავლო პალისასთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.
ამერიკის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი უძღვებოდნენ.
მოლაპარაკებები ორ რაუნდად გაიმართა და ჯამში ცხრა საათზე მეტხანს გაგრძელდა.
„ჩვენ იქამდე მივალთ...“ - მიაძახა ჟურნალისტებს მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ მაიკ უოლცმა, რომელიც, როგორც ჩანს, რუსეთისა და უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებას გულისხმობდა.
ანდრი ერმაკმა შესვენებისას თქვა, რომ „მუშაობა გრძელდებოდა“, ანდრი სიბიჰას თქმით კი, მოლაპარაკებებზე „კონსტრუქციული ატმოსფერო“ იყო.
უკრაინის სამი პირობა
მოლაპარაკებების დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ანდრი ერმაკმა „გარდიანში“ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც წარმოადგინა „განგრძობითი მშვიდობის“ სამი პირობა:
- უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წინაპირობა იქნება
- ევროპამ უნდა გააძლიეროს სანქციები რუსეთის მიმართ
- ევროპამ გაყინული რუსული აქტივები უნდა გამოიყენოს უკრაინის დახმარებისთვის
„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერ ასე ახლოს არ ყოფილა“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, - „მაგრამ შეთანხმებას მხოლოდ დიპლომატიური ჟესტები ვერ მოიტანს“.
ოლექსანდრ მერეჟკომ, უკრაინის რადის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსმა რადიო თავისუფლებას მოლაპარაკებების დაწყებამდე უთხრა, რომ შეხვედრა „პირველი წინგადადგმული ნაბიჯია ტრამპის ახალი ადმინისტრაციისა და უკრაინის ურთიერთობებში“.
„ველი, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან გავიგებთ, არსებობს თუ არა ტრამპისგან სტრატეგია უკრაინის შესახებ, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეჩერდეს რუსული აგრესია. რადგან პრეზიდენტ ტრამპის ბოლო განცხადებები უამრავ შეკითხვას აჩენს“, - თქვა მერჟენკომ.
რუბიო: უკრაინას ტერიტორიის დათმობა მოუწევს
უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ჯედასკენ მიმავალ თვითმფრინავში ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.
„რუსები მთელ უკრაინას ვერ დაიპყრობენ და ცხადია, უკრაინისთვისაც ძალიან ძნელი იქნება განჭვრეტად მომავალში, რომ რუსებს იქამდე დაახევინონ, სადაც 2014 წელს იყვნენ“, - თქვა რუბიომ, რომელიც სამი კვირით ადრე საუდის არაბეთში სერგეი ლავროვს შეხვდა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, საიდანაც უნდა ამოვიდეთ, არის ძლიერი განცდა იმისა, რომ უკრაინა მზადაა სირთულეებისთვის, ისევე, როგორც რუსებს მოუწევთ რთული რაღაცების გაკეთება, რათა ეს კონფლიქტი დასრულდეს ან, როგორც მინიმუმ, გარკვეული გზით თუ ფორმით შეჩერდეს“, - დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მოლაპარაკებების დაწყებამდე რადიო თავისუფლებამ სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა, თუმცა რუბიოს უწყება ზოგადი პასუხით შემოიფარგლა:
„ერთადერთი გზა ამ ომის დასასრულებლად ისაა, რომ რუსეთიც და უკრაინაც მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ და ორივემ რთული გადაწყვეტილებები მიიღოს. მოლაპარაკებებში მონაწილეობა სწრაფად გამოააშკარავებს, ეკიდება თუ არა მშვიდობას სერიოზულად ორივე მხარე“, - უთხრა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა რადიო თავისუფლებას.
ფორუმი