"ქართული ოცნების" მთავრობის ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აქციაზე დაშავებულ ალექსანდრე თირქიას ოპერაციის დაფინანსებაზე უარი კლინიკის მიერ არასწორად ატვირთული დოკუმენტაციის გამო ეთქვა.
სარჯველაძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც კლინიკა დოკუმენტაციას სწორად ატვირთავს, ყველა საფუძველი არსებობს იმის თქმისთვის, რომ ეს პიროვნება დაფინანსებას მიიღებს.
„ერთ-ერთი კლინიკის, ექიმისა თუ პერსონალის დაუდევრობის გამო, განაცხადი და ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით არასწორი მიმართულებით იქნა გამოგზავნილი. კერძოდ, დოკუმენტაცია არასწორად იქნა ატვირთული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ამ წესით დაფინანსება არ ხდება. ეს გადასარევად იცის თავად კლინიკამაც და თანამშრომლებმაც, რომლებმაც არასწორ ადგილას, არასწორი ფორმით ეს დოკუმენტაცია ატვირთეს", - განმარტა სარჯველაძემ.
მისი სიტყვებით, თირქიას მანამდე საჭირო სამედიცინო მომსახურება უკვე დაუფინანსდა.
"როდესაც კლინიკას ეშლება და სამინისტროს ჩირქს სცხებენ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩემი მოწოდება იქნებოდა, რომ ვიდრე ადამიანები რაღაც ხმამაღალ ბრალდებებს წამოაყენებენ, ცოტა უფრო დაფიქრებულები იყვნენ, თავი შეიკავონ უსამართლო და არასწორი ბრალდებების გამოცხადებისგან. ეს ერთადერთი სწორი ქცევაა მათი მხრიდან", - თქვა სარჯველაძემ.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა თამთა მიქელაძემ, რომელიც ალექსანდრე თურქიას ინტერესებს იცავს, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქციაზე დაშავებულ ალექსანდრე თირქიას ჯანდაცვის სამინისტრომ ოპერაციის დაფინანსებაზე უარი უთხრა.
ალექსანდრე თირქია 3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავდა, მას თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსული მოხვდა. დაშავებულს ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მკურნალობდნენ. საავადმყოფოში შეყვანისას მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლისა და თვალ-ბუდის მოტეხილობა, ტვინის გარსებში სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. ოპერაციისა და რეანიმაციული მკურნალობის შემდეგ ალექსანდრე თირქია 19 დეკემბერს გაწერეს კლინიკიდან.
მაშინ თირქიას ბიძა იოსებ ჩანადირი ამბობდა, რომ კლინიკაში მკურნალობის ხარჯები სახელმწიფომ დაფარა და ოჯახმა მიიღო პირობა, რომ რეაბილიტაციის თანხებსაც სახელმწიფო გადაიხდიდა.
თბილისსა და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
საპროტესტო აქციები 168 დღეა უწყვეტად გრძელდება.
ფორუმი