საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რომლის მიხედვითაც, ძალადობა ორი ან მეტი პირის მიმართ ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით.
22 ივნისს თბილისში, ორბელიანის მოედანთან, ერთ-ერთ ზებრა გადასასვლელზე, სადაც დემონსტრანტები უწყვეტი მოძრაობით ცდილობდნენ ტრანსპორტის შეფერხებას, ერთ-ერთი ავტომობილი აქციის ორ მონაწილეს დაეჯახა. ისინი სხეულის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
„მოტეხილი მაქვს მარჯვნივ მეათე ნეკნი და მენჯის ფრთის მიდამოს იოგოვანი და რბილი აპარატის მსუბუქი ღრძობა და დაჭიმულობა - გამომწერეს სახლში და მაქვს ორ კვირამდე წოლითი რეჟიმი“, - უთხრა ერთ-ერთმა დაშავებულმა, მარიამ მეყანწიშვილმა, რადიო თავისუფლებას.
დემონსტრანტებმა ავტომობილის ნომრის დაფიქსირება შეძლეს და პოლიციას მიაწოდეს.
საქართველოში პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ იმართება - ამ დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აქციებზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს ასობით ადამიანი, ათობით კი - სისხლის სამართლის წესით. მას შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დემონსტრანტების შესაზღუდად გაამკაცრა კანონები.
იმის მიუხედავად, რომ პოლიციამ არაერთ ჟურნალისტსა და დემონსტრანტზე იძალადა, ამ დრომდე არავინ არის დაკავებული.
ფორუმი