შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 15 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში მომხდარი ინციდენტის შესახებ.
უწყების ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს რამდენიმე მოქალაქე ფიზიკურად გაუსწორდა.
შსს-ში ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს, მათ შორის სამ პოლიციელს დაზიანებები მიყენებული აქვს ცივი იარაღით და სამივე საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ს განცხადებაში წერია, რომ სამართალდამცველებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ერთ-ერთი ავტომობილი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. გაარკვიეს, რომ ავტომობილს მართავდა მართვის მოწმობის უფლების არმქონე არასრულწლოვანი, რომელმაც სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია.
„დაპირისპირებაში ასევე ჩაერთნენ არასრულწლოვნის მამა და მათი ნათესავები, რა დროსაც არასრულწლოვანმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სამართალდამცველებს დაზიანებები მიაყენეს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
პოლიციელზე ჯგუფურად განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი, მათ შორის, 16 წლის მოზარდი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ისჯება 7-დან 15 წლამდე პატიმრობით.
ფორუმი