ისევ პოლიციელ გვანცა ხვიჩიას ჩვენებას აფასებს ადვოკატი და ამბობს: „მიმაჩნია, რომ არ არის გულწრფელი და აცდენაა მოპოვებულ ნეიტრალურ მტკიცებულებასთან".
ამის შემდეგ ადვოკატი დაზარალებული სტატუსის მქონე პოლიციელის ვახტანგ გაბუნიას ჩვენების შეფასებას იწყებს და ბრალის დადგენილებას კითხულობს: „თავს დაესხა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ვახტანგ გაბუნიას და დაარტყა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში".
„ანუ ბრალდება სახის გარდა სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმასაც გვედავება... მოვიდა ვახტანგ გაბუნია სასამართლოში და ამბობს, გიგაურმა ფეხი დამარტყა ფეხშიო.. ბრალის შესახებ დადგენილებაში პროკურორი ასახავს - სხეულის სხვადასხვა არეშიო. არ მომისმენია ბრალდების მხარის არგუმენტი, რომ გარდა სახისა და ფეხისა ანატოლი გიგაურმა დაზიანება მიაყენა, ხელი, ფეხი დაარტყა ვახტანგ გაბუნიას... ბრალის შესახებ დადგენილება მინიმუმ არის ცრუ..."
ადვოკატი აკეთებს გაბუნიას ჩვენების პერიფრაზს: „გიგაური ქურთუკზე მებღაუჭებოდა და შესვლაში ხელს მიშლიდაო... მინიმუმ ეს ფაქტი არის სიცრუე, რასაც გვაწვდის გაბუნია და დადასტურებული სიცრუე თუ ვიდეოკადრებს შევადარებთ... ზედატანზე დამეჯაჯგურაო და მაგ დროს დამარტყა მარცხენა ფეხზე, წვივშიო. არცერთ დროს, სანამ გიგაური ხელს არ უქნევს გაბუნიას... ეს ფაქტი არ ფიქსირდება... მიუხედავად იმისა, რომ ამავდროულად გაბუნია გვეუბნება, როცა კითხვას ვუსვამთ, რომ იყო სიმჭიდროვე...
ვეკითხები დაიხარე თუ არა, რომ დაგენახა ფეხი? - სიმჭიდროვე იყო და ვერ დავიხრებოდიო, მართლაც, არ იხრება. თავის დაწევის ფაქტი, როცა გაბუნია ამბობს, რომ ფეხში დამარტყაო, არ ჩანს.. კითხვაზე საიდან იცის, ვისი ფეხი იყო, მოწმე ამბობს, რომ რადგან ახლოს იყო ეს იქნებოდა მისი ფეხი. ფაქტობრივად, გვიდასტურებს, რომ მისი ვარაუდია...
არანაირი ფეხი მას არ მოხვედრია და ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, გარდა მისი ნაამბობისა, ეს არის ფაქტი, რბილად რომ ვთქვათ. არის სიცრუე, რომელიც მოიგონა ან საგამოძიებო უწყებამ ან მოწმემ, რომ ვითარება დაამძიმოს".
აგრძელებს ადვოკატი:
„როცა ვკითხე დაარტყი თუ არა ხელი გიგაურს-მეთქი, მან საერთოდ გამორიცხა ეს ფაქტი, შემთხვევით მოქნეული ხელიც გამორიცხა, თუმცა ამავდროულად კადრებში კარგად ვხედავთ, რა სიძლიერით ხვდება მისი ხელი გიგაურს და როგორი რეაქცია აქვს მას, კეპიც კი უვარდება... ვიდეოში კარგად ჩანს, "რატომ დამარტყის" როცა ეუბნება გიგაური გაბუნიას. ვერც ეს ფაქტი გაიხსენა.. ძირითადი გარემოება, რაც არსებითია.
„ვახტანგ გაბუნია ჩვენებაში ამბობს, რომ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და გამოიძახა სასწრაფო.. როცა ვკითხე სასწრაფომ ხომ დაგათვალიერა-მეთქი - კიო და ოქმიც შეადგინაო, თუმცა რამდენიმე წამში, 15-20-ში ასწორებს თავისივე ჩვენებას, რადგან კარგად ვიცით, რომ სასწრაფო სამმართველოშია გამოძახებული და არა აქციაზევე. ის ხვდება, რომ ჩვენ ეს ვიცით და ასწორებს ნათქვამს - სასწრაფო სამმართველოში გამოვიძახეთო...
სასწრაფო ღამის სამ საათზეა გამოძახებული, როცა ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია, ანუ ოთხი საათი სტკივა მას და ოთხი საათის შემდეგ ახსენდება, რომ გამოიძახოს სასწრაფო, არაფერი არ სტკივა მას, არაფერ ტკივილს არ განიცდის, გამომძიებელმა გაახსენა მას, სასწრაფო გამოიძახეო... სასწრაფოს დოკუმენტაციაში წერია, რომ გადმოცემით, ვახტანგ გაბუნია ტკივილს განიცდის, ობიექტური გარემოება ფიზიკური ზიანისა არ აქვს სასწრაფოს ასახული... ტკივილი არის მოგონილი ფაქტი და არ შეესაბამება სიმართლეს".
ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე:
„ვიდეოს 14:50:20 წუთზე, გიგაური ეკითხება ვახტანგ გაბუნიას: „ჩემს ტანსაცმელზე შენი DNM-ი იქნება?"
„არ ვიცი, შეხებით ერთმანეთს შევეხეთ, ჭიდაობები გვიწევს, და ალბათ იქნება”, - პასუხობს პოლიციელი.
ამით იგი გვიდასტურებს იმას, რასაცა ამდენი ხანია ვცდილობთ დავამტკიცოთ..."
[ამ დროს ლაშა ცუცქირიძე რთავს ვიდეოს პროექტორზე, რომელიც დარბაზის მარცხენა კედელზეა და კარგად არ ჩანს. მხოლოდ ის ხედავს, ვინც პირდაპირ უყურებს და ასევე ის, ვინც მარჯვნივ ზის].
ანატოლი გიგაური მოუწოდებს დამსწრეებს, „ყველამ შეხედოს კადრებს და იყვნენ მოწმეები მისი სიმართლის".
ფორუმი