Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

⚖ ანატოლი გიგაურის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (21/07/2025)

🔸 დღეს ანატოლი გიგაურის საქმის განხილვა დასრულდება. დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს ადვოკატი. შესაძლოა, ბრალდებულმაც სარგებლოს ამ უფლებით და სასამართლოს მიმართოს. ცნობილია, რომ მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია გადაწყვეტილებას დღესვე არ გამოაცხადებს და განაჩენის თარიღს ცალკე ჩანიშნავს.

11:13 21.7.2025

მოსამართლე: ჯვებე ნაჭყებია

პროკურორი: თამარ იაკობიძე

ბრალდებული: ანატოლი გიგაური

ადვოკატი: ლაშა ცუცქირიძე

11:14 21.7.2025

„რა ვქნათ, დავხუროთ სხდომა?” - ასე მიმართა ანატოლი გიგაურმა მანდატურებს, მას შემდეგ, რაც მათ რამდენიმე დამსწრეს შენიშვნა მისცეს, მოსამართლის შემოსვლისას ფეხზე არადგომის გამო.
სხდომა გაიხსნა. ადვოკატი დასკვნით სიტყვას ამბობს.

11:29 21.7.2025

ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის დასკვნითი სიტყვის მთავარი აქცენტები:

„2025 წლის 24 ნოემბერს დაიწყო გამოძიება. მისი დაწყების საფუძველი გახდა პატაკი, პატაკის საფუძველი გახდა ვიდეო, რომელიც ნახა პოლიციელმა და მოახსენა ხელმძღვანელს...

პატაკში აღწერილი ინფორმაცია ეყრდნობოდა ფეისბუქში დადებულ ვიდეოს, სადაც თითქოს ჩანდა ანატოლი გიგაურის განხორციელებული ძალადობის ფაქტი პოლიციელების მიმართ....

ანატოლი გიგაურმა დაყო რამდენიმე საათი აქციაზე და შემდეგ გაემართა ქარელში მეგობრებთან ერთად. გიგაური იჯდა სედანის ტიპის ავტომობილში უკან მარცხენა მხარეს და ავტომობილი გადაადგილდებოდა ვეფხი და მოყმის მიმდებარე ტერიტორიაზე. მას აჩერებს საპატრულო პოლიცია, რომელსაც მოჰყვებიან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები...

ანატოლი გიგაური გადმოდის მანქანიდან, ეუბნება პოლიციელებს დამშვიდდნენ, მიმართავს, რომ აქ არის და დააკავონ, მის მეგობრებს ხელი არ ახლონ. მასთან მიდის რამდენიმე პოლიციელი ახოხებს მიწაზე და ფიზიკურად უსწორდება.. გიგაური იღებს დაზიანებას ძალადობის შედეგად, რომელიც არის თვალით ხილული, წარბი ჰქონდა გახეთქილი და ექსკორიაციები აღენიშნებოდა... ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს... აღკვეთის ღონისძიების პროცესზე ხილული იყო მისი თვალის დაზიანება...

ანატოლი გიგაური მიიყვანეს განყოფილებაში პატრულებმა, მათ გააქრეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და დაკავება გაფორმდა განყოფილებაში".

[ადვოკატის თქმით, ამოცნობა ჩატარდა ფოტოსურათით, რაც საგამონაკლისო წესია და ამის დასაბუთება შეიძლება იყოს ობიექტური გარემოება, რის გამოც ამოსაცნობი ადამიანები ვერ მიიყვანეს ადგილზე.]

„საქმეში გვაქვს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, სადაც წერია, რატომ ტარდება ამ ფორმით და ერთ-ერთი საფუძველი არის ის, რომ მისი ადგილსამყოფელი უცნობია, ეს იმ დროს, როცა ანატოლი გიგაური დაკავებულია... მათ იციან, რომ ის არის იმავე შენობაში. თუ არ იცოდნენ, ვალდებულები იყვნენ, რომ სცოდნოდათ".

[ადვოკატი დაკავების ოქმზე საუბრობს და ამით ამოწურავს გამოძიებასთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებს.]

„დაკავების ოქმის ხუთ წუთში შედგენა იყო წარმოუდგენელი, ჩვენ მივუთითებდით, რომ ამ დროში ოქმის შედგენა იყო უკანონო... გამოძიების მიმდინარეობის პროცესში საქმის მთავარი გამომძიებელი ეკითხება გამომძიებელ დაბრუნდაშვილს, რომ თითქოს დაკავების ოქმში ტექნიკური შეცდომაა და იქ სხვა ციფრი უნდა დაეწერათ... ამით თითქოს აღმოფხვრეს დაკავების ოქმის პრობლემა... ეს არის სიცრუე ჩემი ღრმა რწმენით და განიზრახავდა გაესწორებინათ დაშვებული შეცდომა. მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კანონის არსებითი დარღვევით.

მე არ ვამბობ, რომ ეს ანატოლი გიგაური არ არის, მაგრამ გამოძიების ხარისხზე საუბარი ვალდებულებად მიმაჩნია.

მე ვფიქრობ, რო ანატოლი გიგაურის დაკავება იყო ნაჩქარევი, ის ერთ-ერთი პირველი დააკავეს აქციების დროს..."


ლაშა ცუცქირიძე ამჯერად აღკვეთის ღონისძიებას აფასებს.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჯერ ბრალდებული დააკავეს და შემდეგ მოხდა მტკიცებულებების მოგროვება"... რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების პროცესს, დღევანდელი პროცესის ჩათვლით, ის, რასაც ვამბობდი მე ან რასაც ამბობდა გიგაური, იმავეს ამბობდა აღკვეთის ღონისძიება. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ გიგაური მე არ მატყუებდა, როდესაც მითხრა, რომ მის მიერ განხორციელებული დარტყმა იყო თავდაცვის მიზნით".

[ადვოკატი იხსენებთ გიგაურთან შეხვედრის ფაქტს, რა დროსაც გიგაურმა უთხრა:„სანამ მე ხელს მოვიქნევდი, იქამდე დამარტყა პოლიციელმა".]

„ის არ იყო ვალდებული ჩემთვის ეს ეთქვა... მან მითხრა სიტყვები, რომლებიც არ დამავიწყდება, მე ვარ ხევსური კაცი, მე არ შემიძლია ტყუილი და ტყუილს ვერ ვიტყვი... მე მას ვენდე და დავრწმუნდი, რომ ის ამბობდა სიმართლეს. ჩვენ გავრისკეთ და ვთქვით ის, რისი მტკიცებულებაც არ იყო... ჩვენ წავედით რისკზე... ქალბატონი თამარი [პროკურორი] ამბობდა, რომ გიგაური იტყუებოდა, რადგან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ იყო..."

„8-წამიანი კადრი, სადაც მხოლოდ გიგაურის მოქმედება ჩანს მოპოვებულია ტელეკომპანია "იმედიდან"... ჩვენთვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ "იმედი" იყო ტელევიზია, რომელიც იღებდა პროცესს... ჩვენ მივმართეთ ტელეკომპანია "იმედს", მათგან მივიღეთ პასუხი, რომ გარდა იმ კადრებისა, რაც ჰქონდათ ფეისბუკზე დადებული, სხვა კადრები არ არსებობდა... ჩიხში აღმოვჩნდით... მოვუწოდეთ ბრალდებას თავად მოეპოვებინა ეს ინფორმაცია... მე მინდა მადლობაა გადავუხადო პროკურორს ამისთვის... ბრალდების მხარემ მიმართა "იმედს" და მოიპოვა ეს კადრები....

ჩვენ უარი გვითხრეს, მაგრამ რატომღაც პროკურორმა როცა მიმართა, მისცეს კადრები და გაგვიცვალეს ვიდეომტკიცებულებები... უკვე ნათელი იყო ჩვენთვის, რაზეც ვსაუბრობდით, რომ ანატოლი გიგაურს სახეში ხვდება პატრულ-ინსპექტორის ხელი... ეს კადრი დაათვალიერა პოლიციელმა საქმის გამომძიებელმა თეოდორე გიორგაშვილმა, საქმეში დევს დათვალიერების ოქმი, ვიდეოკადრის, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს გიგაურს გაბუნია ხელს... დათვალიერების ოქმში ეს ფაქტი საერთოდ არ არის აღნიშნული... ან უყურადღებოდ ათვალიერებს ან მიზანმიმართულად არ ასახავს ფაქტს, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ გიგაურს ხელს ურტყამს დაზარალებულად ცნობილი პირი გაბუნია. ეს ხაზს უსვამს გამოძიების არაობიექტურობას... გამოძიება ორიენტირებული უნდა იყოს გამამტყუნებელი მიზნით მტკიცებულებების მოპოვებაზე, ასევე გამამართლებელი მტკიცებულებების მოპოვებაზე... მინიმუმ ამ ერთი მაგალითით დასტურდება, რომ გამოძიება ყოველმხრივ არაა ჩატარებული".

11:42 21.7.2025

გრძელდება დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა. ადვოკატის თქმით, სასამართლოში დაკითხული მოწმე პატრულ-ინსპექტორების ჩვენება ეწინააღმდეგება ვიდეომტკიცებულებებს.

„როცა საქმე ეხება მათ კოლეგა პოლიციელებს, ყველა მათგანი ცრუობს", - ასკვნის ადვოკატი.

„იქამდე, სანამ გიგაური ხელს მოუქნევს გაბუნიას, კარგად ჩანს, რომ გვანცა ხვიჩია დგას პიკაპის წინ და გვერდით - ანატოლი გიგაური [გვანცა ხვიჩია პოლიციელია და დაზარალებული პოლიციელის, ვახტანგ გაბუნიას მეწყვილე].

„გვანცა ხვიჩიამ თქვა, რომ ერთი მეტრის რადიუსში ვიყავი და კარგად ვხედავდი გაბუნიას და გიგაურს და არაფერი მეფარებოდა, რომ ისინი დამენახაო, აი, ამ მომენტში, როცა კარგად ჩანს როგორ ამოარტყამს მუჭს გაბუნია გიგაურს, რატომღაც ამას ვერ ხედავს. გვანცა ხვიჩიას მარცხენა მხარეს არის გიგაური და მის წინ გაბუნია... გვანცა ხვიჩია ამტკიცებს, რომ ხედავს რაციას, როგორ იძახებს დახმარებას რაციით, მაგრამ დარტყმას ვერ ხედავს, რაც ერთი წამის ფარგლებშიც იყო.. ამით დგინდება, რომ მან კარგად დაინახა ყველაფერი, მაგრამ იცრუა... იმას, რომ გვანცა ხვიჩია არ არის გულწრფელი, აჩვენებს ის, რომ დაცვის მხარემ მას აჩვენა კადრი, მაგრამ გვანცა ხვიჩიამ ახსნაც არ სცადა... ასეთი რამ თქვა: სახეში გიგაურის დარტყმის კადრი არ მინახავს, რადგან ეს ფაქტი არ არსებობს, გამორიცხა ის, რაც რამდენიმე წამის წინ თავად ნახა... მან სასამართლო განზრახ შეიყვანა შეცდომაში".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG