მოწმის დაკითხვა დასრულდა - 5 წუთია კამათია შესვენება-არშესვენებაზე. გაურკვეველია ვის რა პოზიცია აქვს. საბოლოოდ, ნახევარსაათიანი შესვენება გამოცხადდა
სხდომა განახლდა. მოსამართლემ ხაზი გაუსვა, რომ „20 წუთის დაგვიანებით".
თამარ მჭედლიშვილის სხდომაზე ყოველთვის არის რამდენიმე თავისუაფალი წუთი, როცა ბრალდებულები და მათი ოჯახის წევრები ერთმანეთს ესაუბრებიან.
„ნიკა კაციას წინასწარ დაემშვიდობეთ", - ამბობს თორნიკე გოშაძის დედა, მარიზი კობახიძე. მისი შვილი, კაცია და ახობაძე ერთ საკანში ისხდნენ.
შემდეგ კი ისეთი საკითხებით ინტერესდება, რომელზეც ვერასდროს იფიქრებდა, რომ ყოფით ამბად იქცეოდა.
„შორტი რომ შემოგიგზავნე, მოგეწონა? გრილია? იმ შარვალს აღარ შემოგიგზავნი..."
თორნიკე გოშაძე ძალიან ხმადაბლა პასუხობს და ხელებით ანიშნებს, რომ კმაყოფილია.
ირაკლი მიმინოშვილი ბრალდებულებისთვის შემოსაზღვრულ სივრცეში კედელთან ზის და ვასილ კაძელაშვილის მხარზე თავი აქვს დადებული, თვალები დახუჭული. „სძინავს", - ამბობს დედა, ელენე ხუნდაძე.
ამასობაში, ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.
ფორუმი