18:32 - სხდომა 5 საათზე მეტია გრძელდება. ნინო დათაშვილი ისევ ფეხზე დგას. პერიოდულად წელის არეში იდებს ხელს. მას ხერხემალი აწუხებს.
ნინო დათაშვილი: “მზია ამაღლობელმა ძალიან მაღალი თამასა დაგვიწესა პოლიტპატიმრებს”.
ის უარს ამბობს, დაჯდეს ბრალდებულის სკამზე.
19:25 - მოსამართლემ დასაშვებად ცნო დაცვის მხარის მტკიცებულებები, მათ შორის, რადიო თავისუფლების ვიდეოები და ასევე იმ მოწმეების გამოკითხვის ოქმები, რომლებიც საუბრობენ საქალაქო სასამართლოს მანდატურების ძალადობრივ ქმედებებზე. ამ მტკიცებულებების დაუშვებლობას ბრალდების მხარე ითხოვდა.
19:28 - დაიწყო აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი - ანუ სასამართლო მსჯელობს, შეიცვლება თუ არა აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, სხვა აღკვეთის ღონისძიებით - მაგალითად, გირაო.
ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ნინო დათაშვილი კვლავ პატიმრობაში უნდა დარჩეს, რადგან არსებობს ნინო დათაშვილისგან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. რაც პროკურორის თქმით, გამოვლინდა დამატებითი გარემოებით, რომ დღევანდელ სხდომაზე დასაშვებად იქნა ცნობილი გარკვეული მოწმეების ჩვენებები.
ადვოკატები პროკურორს ეკითხებიან, "ჩვენს მოწმეებზე მოვახდენთ ზემოქმედებას?"
დაცვის მხარე ითხოვს, რომ აღკვეთის ღონისძება, პატიმრობა უნდა გაუქმდეს, რადგან მათი თქმით, პატიმრობა არის უკანონო და დაუსაბუთებელი:
"როდესაც ვითხოვთ ადამიანის პატიმრობას, ამას დასაბუთება სჭირდება და როდესაც პროკურორები ამბობენ, რომ ნინო დათაშვილი ახალ დანაშაულს ჩაიდენს, მოწმეებზე ზემოქმედებას მოახდებს, მიიმალება, ეს უნდა დაასაბუთონ. როდესაც პროკურატურა დაადასტურებს, რომ მისი თავისუფლებაში ყოფნა დაზიანებს მართლმსაჯულებას, მაშინ შეიძლება ვიმსჯელოთ პატიმრობაზე. ასევე, არ შეიძლება, რომ მოსალოდნელი სასჯელის შიშით ნინო პატიმრობაში დარჩეს ან ახალ დანაშაულს ჩაიდენს, რა, ნინოს ნასამართლობის საბუთები უდევთ? მთელი ერთი თვეა, გამოძიებას ერთი ფურცელიც კი არ დაუმატებიათ ისეთი, რაზეც და ვიზეც ნინოს გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა. ნინო ტყვეა და იმიტომ არის ტყვე, რომ ვერ ასაბუთებენ, რატომ უნდა იყოს ნინო პატიმრობაში", - ამბობს თამარ გაბოძე.
19:49 ნინო დათაშვილი: "ერთადერთი თხოვნა მაქვს, არ გაითვალისწინოთ არც ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არც არაფერი, მე ვითხოვ მხოლოდ მართლმსაჯულებას, მადლობა, რომ მომისმინეთ".
ფორუმი