Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ანტონ ჩეჩინი და პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი
ანტონ ჩეჩინი და პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი

ანტონ ჩეჩინის საქმე - ლაივბლოგი (08/08/2025)

ანტონ ჩეჩინის საქმე დასკვნითი სიტყვების ეტაპზე გადავიდა. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა ედება ბრალად. გიორგი ახობაძის საქმის მსგავსად არც აქ არსებობს ჩხრეკისა და ამოღების ამსახველი ვიდეოკადრები. დასკვნით სიტყვას პროკურორი, შმაგი გობეჯიშვილი წარმოთქვამს.

12:09 8.8.2025

მოსამართლე, ჯვებე ნაჭყებიამ სხდომა გახსნა. ბრალდებული ანტონ ჩეჩინი არ ესწრება სასამართლო განხილვას.

12:14 8.8.2025

დასკვნითი სიტყვა დაიწყო პროკურორმა, შმაგი გობეჯიშვილმა.

ის მოკლედ იხსენებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და აცხადებს, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო პატაკი, სადაც ეწერა, რომ ანტონ ჩეჩინს შესაძლოა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება.

პროკურორი ჰყვება, ბრალდების ვერსიას, როდის და როგორ დააკავეს ანტონ ჩეჩინი. გობეჯიშვილის თქმით, ჩეჩინმა თავი აარიდან საგამოძიებო მოქმედებას - ჩხრეკას და გასწია წინააღმდეგობა.

ამის შემდეგ პროკურორი ამბობს, რომ პირადი ჩხრეკისას ბრალდებულს ამოუღეს ნარკოტიკული საშუალება, ანტონ ჩეჩინმა ჩხრეკის ოქმს ხელი არ მოაწერა, ის დააკავეს და გადაიყვანეს განყოფილებაში.

ანტონ ჩეჩინს ბრალად ედება დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა.

12:23 8.8.2025

პროკურორი დეტალურად განიხილავს იმ პოლიციელებისა და გამომძიებლების ჩვენებებს, რომელიც ანტონ ჩეჩინის წინააღმდეგ საქმეშია. შმაგი გობეჯიშვილის მონაყოლის თანახმად, საგამოძიებო პროცესს თავიდან ბოლომდე ესწრებოდა თარჯიმანი შორენა ტაბატაძე, რაც ეწინააღმდეგება დაცვის მტკიცებას.

ანტონ ჩეჩინმა ჩვენების მიცემისას თქვა, რომ „იმ დროს, როცა მისი ქურთუკიდან ნარკოტიკი ამოიღეს თარჯიმანი მასთან არ იყო, შემდეგ მივიდა".

„პოლიციელმა გიორგი ჩიკვაიძემ განაცხადა, რომ ხელთათმანით მუშაობდა და „ჩეჩინის მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს ნივთიერება", - ამბობს პროკურორი.

შმაგი გობეჯიშვილის თქმით, ჩხრეკა ჩატარდა ანტონ ჩეჩინის სახლშცი, რომელიც ვიდეოზე გადაიღეს, თუმცა „კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა".

12:28 8.8.2025

შმაგი გობეჯიშვილი აციტირებს პოლიციელ ზურაბ რუსიშვილის ჩვენებას და ამბობს, რომ „ანტონ ჩეჩინი გახდა აგრესიული“, როცა მასთან პოლიციელები მივიდნენ. „წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ჩეჩინი ჩასვეს იძულების ღონისძიებით მანქანის უკანა სავარძელში", - ამბობს გობეჯიშვილი.

ამის საწინააღმდეგო ანტონ ჩეჩინმა ჩვენებაში თქვა, რომ დაემორჩილა პოლიციელებს და თავისი ნებით ჩაჯდა მანქანაში.

„ჩხრეკა ჩატარდა წინააღმდეგობის გაწევის ფონზე და ის[ჩეჩინი - რ.თ] სწევდა წინააღმდეგობას იქამდე, სანამ არ მოხდა ხელბორკილის დადება", - ამბობს პროკურორი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG