შემდეგი ვეფხია კასრაძის ადვოკატი არჩილ ჭავჭანიძეა. ის ამბობს, რომ უკვე დაასრულა ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა და „ერთი მტკიცებულებაც კი ვერ წარადგინა ბრალდებამ, რომ დაედასტურებინა კასრაძის დანაშაული".
მას მიაჩნია, რომ პროკურორები მიმალვის საფრთხეს ვერ ასაბუთებენ. რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენას, მას სტრასბურგის პრაქტიკა მოჰყავს, რომელიც ბრალდებას ავალდებულებს მტკიცებულებების წარდგენას იმის დასასაბუთებლად, რომ ბრალდებულები ახალ დანაშაულს ჩაიდენენ.
„ჩვენ გვყავს სახეზე ვეფხია კასრაძე, რომელიც თავისი შეგნების მანძილზე იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და დაკავებიდან დღემდე არ არსებობს არგუმენტი, რომელიც მის მიმალვას დაადასტურებდა", - აცხადებს ადვოკატი.
ის მოითხოვს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლოს ვეფხია კასრაძე და თუ საჭიროდ ჩათვლის სხვა შემზღუდავი საშუალებებიც.
ინსაფ ალიევის ადვოკატის, აიჰან ჰასანლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიმალვის საფრთხე ამ ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების საფუძველი არასდროს ყოფილა, დაკავებიდან ორ თვეში მაინც გაჩნდა დასაბუთებაში, როგორც პატიმრობის არგუმენტი. ადვოკატი არ აპირებს საერთოდ იმსჯელოს ამ რისკზე, რადგან მოსამართლეს უკვე აქვს ნათქვამი, რომ ეს საფრთხე არ არსებობს.
რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, აიჰან ჰასანლის თქმით, არ მოუსმენია არგუმენტები, რას გააკეთებენ ეს ადამიანები, თუ მათ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლებს მოსამართლე.
ის ასევე ფიქრობს, რომ დროის გასვლასთან ერთად გამოყენებული პატიმრობის მიზანშეწონილობა პროკურატურის მიერ დასაბუთებული არ არის.
- რას ჩაიდენს ინსაფ ალიევი პატიმრობიდან გაშვების შემდეგ? - ამ კითხვაზე ადვოკატი ამბობს, რომ პასუხი და დასაბუთება ვერ მოისმინა.
„აბსტრაქტულ და ჰიპოთეტურ არგუმენტებზე დაცვის მხარე პროკურატურას პასუხს ვერ გასცემს. ნებისმიერი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება არგუმენტებით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულების სასარგებლოდ", - ამბობს აიჰან ჰასანლი.
ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი, დავით ჭიკაიძეც არ ეთანხმება ბრალდების პოზიციას. მას მიაჩნია, რომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების საფუძველი არ არის.
გიორგი გორგაძისა და ირაკლი მიმინოშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფების გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს.
„ყველამ კარგად იცის, მათ შორის თქვენ, ბატონო მოსამართლე, რომ ამ ადამიანს იმიტომ კი არ აქვთ თავისუფლება აღკვეთილი, რომ მათი პატიმრობაში დატოვების საფუძვლები არსებობს, არამედ იმიტომ, რომ ესენი არიან პოლიტიკური პატიმრები", - თქვა შოთა თუთბერიძემ.
ფორუმი