Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანმა საქართველოს გაუზიარა დრონების გამოყენების გამოცდილება

ფოტო აზერბაიჯანში გამართული შეხვედრიდან
ფოტო აზერბაიჯანში გამართული შეხვედრიდან

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება ქართული დელეგაციის ბაქოში ვიზიტზე, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა გამოცდილება გაცვალეს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით.

უწყების ცნობით, შეხვედრა „აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის 2025 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმის შესაბამისად“ გაიმართა.

"შეხვედრაზე ქართველ სტუმრებს აზერბაიჯანის არმიაში უპილოტო საფრენი აპარატების მოქმედების, საბრძოლო ოპერაციებში მათი გამოყენების, ფრენის მართვისა და უპილოტო საფრენი აპარატების განვითარების ტენდენციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. დასასრულს, პასუხი გაეცა ორმხრივად საინტერესო შეკითხვებს და განსაკუთრებით ხაზი გაესვა გამოცდილების გაცვლისთვის ასეთი ღონისძიებების მნიშვნელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სამხედრო ექსპერტების მოსაზრებით, დრონებმა, განსაკუთრებით კომპანია Baykar-ის მიერ წარმოებულმა Bayraktar TB2 დრონებმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ბაქოს გამარჯვებაში 2020 წელს მთიანი ყარაბაღის შეიარაღებულ კონფლიქტში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაქოში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. სამინისტრომ გაავრცელა ცნობა აზერბაიჯანის დელეგაციის თბილისში ვიზიტზე, რომლის ფარგლებშიც მხარეები კიბერუსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG