თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ ონიანმა, გააუქმა გორის სასამართლოს მოსამართლის, ნინო გერგაულის გადაწყვეტილება. მანამდე გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო გერგაულმა არ დააკმაყოფილა ანტიკორუფციული ბიუროს 22 სექტემბრის მოთხოვნა გორელი აქტივისტების, თეონა ფანქველაშვილის, თეო ბზიშვილისა და ლუკა ხიზაძის საბანკო ანგარიშებზე ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ყველა ტრანზაქციის ამსახველ ინფორმაციაზე წვდომის მიღების შესახებ.
ნინო გერგაულის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება ანტიკორუფციულმა ბიურომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
თეონა ფანქველაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ანტიკორუფციული ბიურო მიიჩნევს, რომ ისინი მოძრაობა „ფარისა“ და „ერთობის“ წევრები არიან და აქვთ გაცხადებული „საარჩევნო მიზანი". მისი სიტყვებით, არანაირი კავშირი არ აქვთ არც მოძრაობა „ფართან“ და არც - "ერთობასთან". რაც შეეხება კაპროვანში ჩატარებულ ტრენინგს, მისი თქმით, ის სოფელ კაპროვანში არასდროს ყოფილა.
მეტიც, დასახელებულ დღეს კაპროვანში კი არა, გორში იმყოფებოდა აქციაზე. მისი სიტყვებით, ის არის საინიციატივო ჯგუფის, "მაროს" წევრი და გრანტის მიმღები არასოდეს ყოფილა.
"ხვალვე მივაწვდი ინფორმაციას, სად ვიყავი, გავუგზავნი დეტალურ საბანკო ამონაწერს, არ მაქვს მე ამის პრობლემა, უბრალოდ, ეს არის დაშინების მცდელობა... მე ვარ ფიზიკური პირი, მოქალაქე, რომელიც დავდივარ აქციაზე, ვაპროტესტებ რეჟიმს, შესაბამისად ამის უფლება მაქვს იმ კონსტიტუციითაც კი, რომელიც თავზე გადაგვახიეს, ამას თუ მედავებიან, აღარ ვიცი", - უთხრა თეონა ფანქველაშვილმა რადიო თავისუფლებას.
22 სექტემბრიდან მოყოლებული, ანტიკორუფციულმა ბიურომ რამდენიმე ათეულ ორგანიზაციას მოსთხოვა მათი საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია.
ამ ინფორმაციას ბიურო სხვადასხვა კანონის შესაბამისად, მათ შორის, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“, ე.წ. ქართული FARA-ს, "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ", "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონების საფუძველზე ითხოვს.
ბიურო სამოქალაქო ორგანიზაციებისგან სასურველი ინფორმაციის მისაღებად სასამართლოებს მიმართავს.
არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ ბიურო საჭიროზე მეტ პირად ინფორმაციას ითხოვს, მათ შორის, ორგანიზაციების ბენეფიციარების შესახებ, თავად არღვევს კანონს და ამიტომ უარს ამბობენ ბიუროსთვის ინფორმაციის გადაცემაზე.
17 სექტემბრის მონაცემებით, მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე გამოსცა ბრძანება ცხრა ორგანიზაციასთან მიმართებით. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა რაჟდენ კუპრაშვილის უწყების შუამდგომლობა და ორგანიზაციები დაავალდებულა, ბიუროს მიაწოდონ საქმიანობასთან დაკავშირებული მოცულობითი ინფორმაცია.
ფორუმი