გავრცელებული ცნობებით, სარკოზიმ ციხე უკვე დატოვა.
79 წლის მსჯავრდადებულის საჩივარს პარასკევს პროკურატურამაც დაუჭირა მხარი. სარკოზის შეუძლია თავისუფალი იყოს სულ მცირე მანამდე, სანამ მისი საჩივარი განიხილება - რაც, როგორც ვარაუდობენ, მარტში მოხდება.
5-წლიანი პატიმრობის მოსახდელად სარკოზი ციხეში 21 ოქტომბერს გამოცხადდა. საფრანგეთის მედია წერს, რომ იგი არის ევროკავშირის სახელმწიფოს პირველი ყოფილი ლიდერი, რომელიც არა მხოლოდ გაასამართლეს, რეალურად მოათავსეს საპატიმროში. ამ დრომდე საფრანგეთის ლიდერი, რომელიც დააპატიმრეს, იყო ფილიპ პეტენი - იგი მეორე მსოფლიო ომის დროს კოლაბორაციონიზმის გამო გაასამართლეს.
ციხეში ყოფნის პერიოდს სარკოზიმ უწოდა "კოშმარი", თუმცა ციხის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ ამ რთულ გამოცდილებასთან გამკლავებაში დაეხმარნენ.
სარკოზი ლა სანტეს ციხეში სხვა პატიმრებისგან განცალკევებით იმყოფებოდა, მის მეზობლად მორიგეობდნენ მცველები - რადგან ექსპრეზიდენტს მუქარები ჰქონდა მიღებული.
პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო მუამარ კადაფის რეჟიმის მიერ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეში 2005-2007 წლებში. პროკურატურა თავიდან მისთვის შვიდწლიან პატიმრობას მოითხოვდა.
თავად სარკოზი ყველა ბრალდებას უარყოფს. ის საფრანგეთის პრეზიდენტი 2007-დან 2012 წლამდე იყო, 2011 წელს აქტიურად უჭერდა მხარს ლიბიაში სამხედრო ინტერვენციას - რასაც კადაფის დამხობა და მკვლელობა მოჰყვა.
ეს პირველი სასამართლო პროცესი არ ყოფილა ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ. 2021 წლის მარტში ის დამნაშავედ ცნეს კორუფციაში და გავლენით ვაჭრობაში - სარკოზის მაშინ ერთი წლით საპატიმრო და ორი წლით პირობითი პატიმრობა მიესაჯა, რაც შემდეგ ელექტრონული სამაჯურით და ნაწილობრივი შინაპატიმრობით შეუცვალეს.
ფორუმი