Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დაგინებულია, არავინ ჰყვება გაკვეთილსო“ - პედაგოგი გორის #10-ე სკოლაში მტრულ გარემოზე საუბრობს

ირმა ამბარდნიშვილმა 27-წლიანი პედაგოგიური საქმიანობის შემდეგ სამსახური დატოვა.
ირმა ამბარდნიშვილმა 27-წლიანი პედაგოგიური საქმიანობის შემდეგ სამსახური დატოვა.

პედაგოგი ირმა ამბარდნიშვილი ამბობს, რომ გორის #10-ე საჯარო სკოლაში „ქურდული მენტალიტეტი“ რომანტიზებულია, მოსწავლეები მასწავლებლებსა და თანატოლებს შეურაცხყოფას აყენებენ, რაზეც რეაგირება არ ხდება. მისი თქმით, ამ მტრული გარემოს გამო მას სამსახურის დატოვება მოუწია, 27-წლიანი პედაგოგიური საქმიანობის შემდეგ.

„დაგინებულია არავინ ჰყვება გაკვეთილს[ო]!.. ბიჭები, რომლებსაც სწავლა უნდათ, ვერ ჰყვებიან გაკვეთილს, მერე სკოლის უკან ან დერეფანში „საქმეები რომ არ გაურჩიონ“, - ამბობს ირმა ამბარდნიშვილი და დასძენს, რომ „გაკვეთილის ცხრილი ჰქონდათ და ყველა კლასში „უდისციპლინო“ ბავშვებს ავალებდნენ გაკვეთილის ჩაშლას და ეს [დავალების მიმცემებისთვის] ტელეფონზე უნდა მოესმენინებინათ!“

მისი თქმით, მოსწავლეები მასწავლებლებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავენ:

„*ლეზე მკიდია“; „გაა*ვი“; „ოეეე“; „სახედარო“; „ჩაძაღლდი“, „ნეტა, მოკვდე“ და ა.შ. მეშვიდე კლასელები უკვე ქურდულ ვარსკვლავებს რომ იხატავენ ხელებზე, თქვენ [მშობლები] ხართ დამნაშავეები!“

ირმა ამბარდნიშვილმა მეათე სკოლა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოებაც იყო დაწყებული. პედაგოგი ამბობს, რომ მის კოლეგებს ამ შეურაცხყოფის ატანა უწევთ, რადგან მათი ოჯახები „ხელფასს ელოდებიან“.

ინფორმირებულია თუ არა განათლების სამინისტრო გორის #10-ე სკოლის ყოფილი პედაგოგის მიერ დასახელებულ პრობლემებზე და როგორ ახდენს მსგავსი პრობლემების პრევენციას - ამ საკითხებზე რადიო თავისუფლებამ უწყების პრესსამსახურს მიმართა. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება. სკოლის დირექტორმა ნინო წიკლაურმა, რომელიც ინფორმირებული უნდა იყოს წამოჭრილ საკითხებზე, „TV პირველთან“ საუბარი არ ისურვა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG