მიზეზად დასახელებული იყო უსაფრთხოების საკითხები.
DataFest Tbilisi, რომელიც თბილისში უკვე მეცხრე წელია იმართება, დედაქალაქში წელს 27-29 ნოემბერს ტარდება. ის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მონაცემთა მასშტაბური ფესტივალია.
„სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ბოლო დღეებში შეთავაზებული პირობების ცვლილება მოგვიხდა, რის გამოც აქტივობებს გამოეთიშა "აი, ფაქტი", oc media და „სინათლე მედია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო მაჭარაშვილმა, ფესტივალის დამფუძნებელი ორგანიზაციის, ForSet-ის დირექტორმა.
წინასწარი შეთანხმებით, ფესტივალის ფარგლებში მთავარ სცენაზე 5-წუთიანი სიტყვით უნდა მიემართა „სინათლე მედიის“ წარმომადგენელს. ორგანიზაციის აღმასრულებელი მენეჯერი ქეთევან ქავთარაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ DataFest Tbilisi მათთვის იყო სამიზნე აუდიტორიამდე ინფორმაციის მიტანის გზა.
„გვინდოდა მოგვეყოლა ჩვენ შესახებ... ეს იყო აუდიტორია, რომელთანაც მანამდე პირისპირ საუბრის შესაძლებლობა არ გვქონდა. ასევე საერთაშორისო სტუმრებისთვის ჩვენი ხმის მიწვდენის გზა იყო“, - ამბობს ქავთარაძე.
„სინათლე მედია“ არის 22 მედიაორგანიზაციის გაერთიანება დაფინანსების მოსაძიებლად, „ქართული ოცნების“ გამკაცრებული კანონების მიღების შემდეგ ფინანსური წნეხისგან გადასარჩენად.
შეცვლილი პირობების შესახებ სამ პარტნიორს ნინო მაჭარაშვილმა ტელეფონით აცნობა. ქეთევან ქავთარაძის თქმით, თავდაპირველად მათ საერთოდ უარი უთხრეს ფესტივალში მონაწილეობაზე, შემდეგ კი „იყო მცდელობა“ ფორმატის შეცვლაზე. ამას მედიაორგანიზაციები არ დათანხმდნენ.
„გვითხრეს, რომ „სინათლე მედია“ სიტყვით აღარ უნდა გამოსულიყო და თითოეულ მედიას მხოლოდ ერთ დღეს ჰქონოდა თავისი სტენდი“, - ამბობს ქავთარაძე.
ForSet-ის დირექტორი ფიქრობს, რომ ამ მედიაორგანიზაციების მათი ფესტივალიდან გამოთიშვა ამცირებს მათ ხილვადობას და ამის გამო წუხს:
„ეს არის ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ცხოვრების არათუ მსუსხავი ეფექტი, არამედ ურთულესი რეალობა - ჩვენ ყოველთვის არ შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც გვინდა, რადგან გვიწევს ბევრი სხვადასხვა საჭიროების გათვალისწინება, როცა პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული სხვების უსაფრთხოებაზე“.
ნინო მაჭარაშვილი ამბობს, რომ პარტნიორებთან გამჭვირვალე ურთიერთობები ჰქონდათ და ამის გამო „არ გვეგონა, რომ ეს ნაბიჯი ასე ინტერპრეტირდებოდა პარტნიორების მიერ“. მისი თქმით, ქართული დამოუკიდებელი მედია რეპრესიების ქვეშაა, მათი ორგანიზაცია კი რჩება მათ მხარდამჭერად.
ფორუმი