წუხელ, შაბათ-კვირის ღამით, რუსეთის არმიამ უკრაინის მიმართულებით გაუშვა 122 მოიერიშე დრონი და ორი „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა, იტყობინებიან უკრაინის საჰაერო ძალები.
კიევის ოლქში, ვიშგოროდში, რუსეთის თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიკოლა კალაშნიკის თქმით, დაჭრილებს შორის ოთხი ბავშვია, ხოლო 11 ადამიანი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით მოათავსეს საავადმყოფოში.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მრავალსართულიანი შენობიდან 146 ადამიანი იქნა ევაკუირებული. გარდა ამისა, დარტყმის შედეგად დაზიანდა კიდევ ორი მრავალსართულიანი შენობა, 14 კერძო სახლი და ერთი საწარმო.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვიშგოროდზე რუსული თავდასხმის შემდეგ გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. მან აღნიშნა, რომ რუსული თავდასხმების სამიზნეები იყო ასევე დნეპროპეტროვსკის და ხარკოვის რეგიონები (სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა), ხოლო დრონებით დარტყმები განხორციელდა ოდესის, სუმის და ხერსონის რეგიონებში. ერთი დღით ადრე რუსეთმა კიევზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა რაკეტებითა და დრონებით. სამი ადამიანი დაიღუპა, 29 დაშავდა, ათასობით კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მანამდე რუსეთის არმიამ უკრაინის დედაქალაქზე დარტყმა განახორციელა 24-25 ნოემბრის ღამით, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ფორუმი