Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაკურიანში სასტუმროს „თვითნებურად ამშენებელ“ ბიზნესმენს ₾2-მილიონიანი გირაო შეუფარდეს

„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანი გირაოთი გაათავისუფლეს. გარეკანის ფოტოზე: ვლადიმერ სტეფანიანი, ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი და მისი მოადგილე რომეო მიქაუტაძე
„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანი გირაოთი გაათავისუფლეს. გარეკანის ფოტოზე: ვლადიმერ სტეფანიანი, ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი და მისი მოადგილე რომეო მიქაუტაძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვლადიმერ სტეფანიანს, - „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს, რომელსაც ბაკურიანში სასტუმროს უნებართვოდ მშენებლობასა და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას“ ედავებიან, - წინასწარი პატიმრობა ორი მილიონი ლარის ოდენობის გირაოთი შეუცვალა.

10 ნოემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

ამ საქმეზე გამოძიებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ატარებს.

უწყებაში 8 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ ბრალდებულმა დაბა ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე, უკანონოდ, თვითნებურად ააშენა ხუთი სასტუმრო-აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი.

„ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა საწარმოს ყოველდღიურ საქმიანობას, უხეშად არღვევდა როგორც დაბა ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმით დადგენილ, ასევე, შესაბამისი სამსახურიდან მიღებულ მშენებლობის სანებართვო პირობებს. უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართებს კი ეტაპობრივად ასხვისებდა“, - აცხადებდნენ პროკურატურაში.

ბრალდების თანახმად, ამ გზით სტეფანიანმა 1 894 925 ლარის შემოსავალი მიიღო.

ადვოკატმა IPN-ს უთხრა, რომ სტეფანიანმა ჩვენებაში „გარკვეული დეტალები დააზუსტა“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG