რუსეთი ჯერჯერობით ვერ ხედავს წინაპირობებს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის, ურთიერთობების ნორმალიზების მზადყოფნის მიუხედავად, განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსულ გამოცემა „იზვესტიას“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრობლემას იმაში ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება „მიჰყვება სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ პოზიციას, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარყოფასთან აკავშირებს".
"ეს თავად საქართველოსთვის საზიანო და არარეალური მოთხოვნაა. მოსკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილებები შეუქცევადია“, - ციტირებს „იზვესტია“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროს.
მიუხედავად ამისა, რუსეთი ღიაა საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზების ნაბიჯებისთვის იმ დონემდე, რისთვისაც თავად თბილისის იქნება მზად, აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
"ბურთი საქართველოს მოედანზეა, რომელიც, ჩვენი ვარაუდით, ამით სხვებზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული“, - აღნიშნავენ სამინისტროში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს განცხადებას, დღეს 3 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის პასუხად გამოემხაურა "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მისი სიტყვებით, ხელისუფლების პრინციპული პოზიცია და წითელი ხაზები დაკავშირებულია დეოკუპაციის საკითხთან.
„ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი. რა თქმა უნდა, არავითარ კომპრომისს ეს საკითხი არ ექვემდებარება. დეოკუპაცია არის წითელი ხაზი, რომლის გადახედვას, ბუნებრივია, არ ვაპირებთ“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
საქართველო შეუძლებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ვინაიდან მოსკოვმა საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, "დამოუკიდებლობა" აღიარა.
საქართველო და მისი საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. მათ "დამოუკიდებლობას" რუსეთის გარდა, აღიარებენ ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის 2028 წლამდე შეჩერების თაობაზე განაცხადა, რუსეთი ხშირად აქებდა საქართველოს ხელისუფლებას „დესტრუქციული გავლენისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის“ და ბრიუსელს თბილისზე ზეწოლაში ადანაშაულებდა.
მასალა განახლდა ირაკლი კობახიძის კომენტარით.
ფორუმი