ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღწეული, მაგრამ „ჩვენ მზად ვართ“, განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა ორგანიზაციის ყოველწლიური შეხვედრის დაწყებამდე ვენაში ხუთშაბათს, 4 დეკემბერს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ყურადღების ცენტრში კვლავაც რჩება უკრაინის მხარდაჭერა. მისი თქმით, როდესაც მხარეები მზად იქნებიან ცეცხლის შეწყვეტისთვის, საჭირო იქნება მისი აღსრულებისა და მონიტორინგის ფორმატები. ეუთო შესაძლოა ამ მიზნით ჩაერთოს, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, მოხდება თუ არა ეს და როდის. „თუმცა, მნიშვნელოვანია, უკვე ახლავე გავითვალისწინოთ ეს,“ აღნიშნა ვადეფულმა.
ეუთოს წევრი სახელმწიფოების უიარაღო ექსპერტები 2014 წლიდან 2022 წლამდე აკვირდებოდნენ უკრაინაში უსაფრთხოების სიტუაციას და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე შეხების ხაზს. თუმცა, მათ ვერ შეძლეს რუსეთის შეიარაღებული შეჭრის თავიდან აცილება 2022 წლის თებერვალში. მისია ომის დაწყების შემდეგ მალევე გაიწვიეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ აღნიშნა, რომ დადგა დრო, განიხილონ ეუთოს შესაძლო როლი კონფლიქტის შემდეგ, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგნაციო კასისმა აღიარა, რომ არც კიევი და არც მოსკოვი არ იყვნენ კმაყოფილი წინა სადამკვირვებლო მისიით. თუმცა, მან თქვა, რომ უკრაინის პოზიცია გარკვეულწილად შეიცვალა. „ის მადლიერი იქნებოდა ეუთოს სადამკვირვებლო როლისთვის, თუ საქმე აქამდე მივა“, თქვა მან. ეუთოს ახალი მისიის განლაგებას დასჭირდება 57 წევრი სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთის თანხმობა.
ვენის შეხვედრაზე რუსეთი წარმოდგენილი იყო არა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის, არამედ მისი მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს სახით. ლავროვი მანამდე რამდენიმე სხვა დელეგაციაში არ შეიყვანეს, რის გამოც გამოითქვა მოსაზრებები, რომ მას კრემლი აღარ სწყალობს.
Reuters-ის ცნობით, სერგეი ლავროვმა დიდწილად შეწყვიტა მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებზე გამოჩენა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა პუტინთან შეხვედრა, რომელიც ბუდაპეშტში უნდა შემდგარიყო. ამავე დროს პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უარყო ინფორმაცია, რომ ლავროვს არ სწყალობენ და ასეთ ჭორებს „სისულელე“ უწოდა.
ფორუმი