4 დეკემბერს თურქეთში ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-17 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანია 1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიება. ინფორმაცია გაავრცელა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (ICRC), რომელიც შეხვედრას ნეიტრალური შუამავლის სტატუსით თავმჯდომარეობდა.
„მას შემდეგ, რაც საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, 308 ადამიანის ნეშტი იქნა ამოცნობილი და გადაეცა ოჯახებს ღირსეულად დასაკრძალად“, - აღნიშნა შეხვედრის თავმჯდომარემ ანიეს ქოთუმ, ICRC-ის დესპანმა უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში კავკასიაში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მონაწილეებმა განიხილეს შესაძლო სამარხების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიების საჭიროებაც.
„სამწუხაროდ, 1 753 ადამიანი ჯერაც უგზო-უკვლოდაა დაკარგული. მონაწილეებს შორის არსებული დიალოგი, რომელიც საკოორდინაციო მექანიზმის ჰუმანიტარულ პრინციპებს ეყრდნობა, გადამწყვეტია მოძიების პროცესის წინსვლისათვის და უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ოჯახებისთვის პასუხების გაცემის შესაძლებლობას წარმოადგენს", - განაცხადა ქოთუმ.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი შეახსენებს, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად, ოჯახებს აქვთ უფლება იცოდნენ, რა ბედი ეწიათ მათ უგზო-უკვლოდ დაკარგულ ახლობლებს.
1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმი 2010 წელს შეიქმნა ICRC-ის ეგიდით.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, როგორც ნეიტრალური ჰუმანიტარული ორგანიზაცია, მხარს უჭერს საკოორდინაციო მექანიზმს, მათ შორის, ტექნიკური ცოდნით გაზიარების კუთხით.
ფორუმი