„საქართველოში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების განმახორციელებელი პირების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებულად გამოყენების შესახებ ცნობების გამოძიების ნაკლებობა აჩვენებს სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას, განსხვავებული აზრის მიუღებლობას და დაუსჯელობის საშიშ ატმოსფეროს ქმნის“, - წერია საერთო განცხადებაში.
5 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ „საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დამოუკიდებლობის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები ქმნის საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობის საფრთხეს“.
ხელმომწერი ქვეყნები არიან ალბანეთი, ანდორა, ავსტრია, ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და დანია.
- დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დევნა ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომლის გამოც დასავლეთის ქვეყნებმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებსა და მათთან დაკავშირებულ ადამიანებს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესეს.
- ევროპის მომხრეთა მიტინგებზე გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ურტყამდნენ სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს მუშტებს, წიხლებს - ხშირად თავში; სცემდნენ მათ ქუჩაში, ძირს დაგდებულებს თუ დაჭერის შემდეგ, დაკავების მანქანებში.
- დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე უხეში ფიზიკური ძალადობის გამო არცერთი ძალოვანი არ დასჯილა. პოლიციასთან დაპირისპირების, დაუმორჩილებლობის გამო თუ ჯგუფური ძალადობის ბრალდებებით დააკავეს და გაასამართლეს საპროტესტო აქციების ასეულობით მონაწილე - ადვოკატებისა და უფლებადამცველების შეფასებით, ხშირად სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებებით, ცრუ მოწმეების ნაამბობის საფუძველზე.
ფორუმი