6 დეკემბერს, საღამოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ჯერაც აშშ-ში მყოფ უკრაინის არმიის გენშტაბის უფროს ანდრი ჰნატოვთან და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვთან ერთად, ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარგზავნილ სტივ უიტკოფსა და დონალდ ტრამპის სიძეს, ბიზნესმენ ჯარედ კუშნერს, რომლებიც 2 დეკემბერს იმყოფებოდნენ მოსკოვში და კრემლში შეხვდნენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
5-6 დეკემბერს კი უიტკოფმა და კუშნერმა მოლაპარაკებები გამართეს აშშ-ში საგანგებოდ ჩასულ უკრაინის დელეგაციასთან.
„მადლობელი ვარ ძალიან ფოკუსირებული, კონსტრუქციული მსჯელობისთვის. ბევრ ასპექტს შევეხეთ და გავიარეთ უმთავრესი საკითხები, რომლებითაც შესაძლებელი იქნებოდა სისხლის ღვრის დასრულება და რუსეთის ახალი სრულმასშტაბიანი შემოჭრის, აგრეთვე რუსეთის მიერ მისი დაპირებების შეუსრულებლობის საფრთხის აღმოფხვრა, რაც წარსულში არაერთხელ მომხდარა“, - წერს სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც კვლავაც ადასტურებს, რომ უკრაინა მზად არის „იმუშაოს კეთილსინდისიერად ამერიკულ მხარესთან ერთად მშვიდობის მართლა მისაღწევად“.
ზელენსკის თანახმად, შაბათის სატელეფონო საუბრისას უკრაინა და აშშ შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებსა და მოლაპარაკებების ფორმატებზე.
„მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს მოლაპარაკებებისადმი ასეთი ინტენსიური მიდგომისთვის. ახლა ველოდები რუსტემ უმეროვსა და გენერალ ჰნატოვთან პირისპირ შეხვედრას, მათგან დეტალური ინფორმაციის მისაღებად. ყველაფერი ტელეფონით ვერ განიხილება“, - უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სამშვიდობო, უსაფრთხოებისა და უკრაინის აღდგენის ყველა ღონისძიება უნდა იყოს ქმედითი.
ამ სატელეფონო საუბარს წინ უძღოდა შეხვედრა მშვიდობის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარგზავნილ სტივ უიტკოფს, ჯარედ კუშნერს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვსა და უკრაინის არმიის გენშტაბის უფროს ანდრი ჰნატოვს შორის. ეს მოლაპარაკებები, სხვადასხვა წყაროს თანახმად, ფლორიდაში გაიმართა. 5 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს არის მხარეების მეექვსე შეხვედრა:
„მონაწილეებმა იმსჯელეს ამერიკული მხარის ბოლო შეხვედრაზე რუსებთან და ნაბიჯებზე, რომლებმაც შესაძლოა ომის დასრულება მოიტანოს. ამერიკელი და უკრაინელი მონაწილეები აგრეთვე შეთანხმდნენ უსაფრთხოების ზომების ჩარჩოზე და იმსჯელეს ხანგრძლივი მშვიდობის შესანარჩუნებლად შეკავების აუცილებელ საშუალებებზე. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ნებისმიერი შეთანხმებისკენ რეალური პროგრესი დამოკიდებულია რუსეთის მზადყოფნაზე აჩვენოს გრძელვადიანი მშვიდობისადმი სერიოზული ერთგულება, დეესკალაციისა და მკვლელობების შეწყვეტის ჩათვლით“.
ორშაბათს, 8 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში ჩადის. ლონდონში ვიზიტი დაგეგმილი აქვთ გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს - ფრიდრიხ მერცსა და ემანუელ მაკრონსაც.
„ორშაბათს გავემგზავრები ლონდონში, რომ შევხვდე უკრაინის პრეზიდენტს, ბრიტანეთის პრემიერმინისტრსა და გერმანიის კანცლერს, ვითარებისა და აშშ-ის მედიაციის ჩარჩოში მიმდინარე მოლაპარაკებების შესაფასებლად. უკრაინას შეუძლია ჰქონდეს ჩვენი განუხრელი მხარდაჭერის იმედი. სწორედ ეს არის „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში გაწეული ძალისხმევის მიზანი“, - წერს პლატფორმა X-ზე საფრანგეთის პრეზიდენტი და აღნიშნავს, რომ ევროპელები ამერიკელებთან ერთად გააგრძელებენ ძალისხმევას უსაფრთხოების გარანტიებით უკრაინის უზრუნველსაყოფად. მაკრონის განცხადებით, ამგვარი გარანტიების გარეშე შეუძლებელი იქნება მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა და რომ საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება მისი მშვიდობისკენ იძულებისთვის - „ის, რაც ახლა სასწორზე დევს უკრაინაში, არის აგრეთვე მთელი ევროპის უსაფრთხოება“.
ფორუმი