ფინანსურმა პოლიციამ - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა - 9 დეკემბერს განაცხადა, რომ პირი დაკავებულია „განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის“ ბრალდებით.
სამსახურის ცნობითვე, გამოძიების პროცესში ჯამში „ამოიღეს 93 000 კოლოფი Marlboro-ს, PARLIAMENT-ის, SOBRANIE-ს და Winston-ის დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო ღირებულება 750 000 ლარს აღემატება“.
დაკავებულს 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება - დაკავებულის ვინაობა, ტრადიციულად, ჯერ არ დაუსახელებიათ.
საგამოძიებო სამსახური წერს, რომ აგრძელებს „ინტენსიურ მუშაობას დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათზე სამართლებრივი რეაგირების უზრუნველსაყოფად“.
- 2025 წლის სექტემბერში „ფინანსურმა პოლიციამ“ პატიმრობაში მყოფი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმა, ასევე პატიმრობაში მყოფი ვასილ მხეიძე დაადანაშაულა უაქციზო სიგარეტის გამოშვება-შენახვაში;
- მხეიძე 27 ივლისს დააკავეს - ორივე მათგანი ფიგურირებდა თავდაცვის სამინისტროდან 1,3 მლნ ლარის გაფლანგვის საქმეში;
- „ფინანსური პოლიციის“ ცნობითვე, ბურჭულაძის ცოლისძმამ 2023 წელს დააფუძნა კომპანიები და გორში მოაწყო სიგარეტის მწარმოებელი არალეგალური ქარხანა, სადაც წლების განმავლობაში უშვებდა უაქციზო თამბაქოს ნაწარმს.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საგამოძიებო სამსახურს კითხვით, არის თუ არა კავშირში დღეს გამოქვეყნებული ამბავი მხეიძის მიმდინარე საქმესთან, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური პასუხი არ მიუღია.
ფორუმი