Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდა მასწავლებელზე ძალადობის შეუტყობინებლობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს


გიგა ავალიანი
გიგა ავალიანი

ოქტომბერში ძალადობის შემდეგ გარდაცვლილი, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს. როგორც პროკურატურის პრესსამსახურში აცხადებენ, მათ ედავებიან დანაშაულის შეუტყობინებლობას.

„მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულებისთვის ცნობილი იყო, მძიმე დანაშაულის მომზადების და ჩადენის შესახებ, მომხდარი დანაშაულის თაობაზე სამართალდამცველებს არ შეატყობინეს“, - აცხადებენ პროკურატურაში და აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი დაკავებული მასწავლებელზე ძალადობას ტელეფონით იღებდა: „ა.გ. მიუახლოვდა გიგა ავალიანს და შემობრუნებისთანავე შუბლის არეში დაარტყა მუშტი, რასაც მისი თანმხლები გ. რ. ტელეფონით იღებდა. დარტყმისთანავე გიგა ავალიანი დაეცა და გონება დაკარგა, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“.

არასრულწლოვანები დღეს, 20 დეკემბერს დააკავეს. მათ ედავებიან დანაშაულის შეუტყობინებლობას - სისხლის სამართლის კოდექსით, ამისთვის სასჯელი 6 წლამდე პატიმრობაა.

გიგა ავალიანის საქმეზე კიდევ ორი ადამიანია დაკავებული. ერთს მძიმე, 117-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) აქვს ბრალი წაყენებული. მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, რა ბრალდებითაც დღეს კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს.

გამოძიების თანახმად, 1 ოქტომბერს 28 წლის გიგა ავალიანს თემქის დასახლებაში, სახლთან ახლოს, 17 წლის არასრულწლოვანი ფიზიკურად გაუსწორდა.

ძალადობა ტელეფონით გადაიღო მასთან ერთად მყოფმა კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა - 16 წლის მოზარდმა. ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სასტიკად ნაცემი გიგა ავალიანი ღამის 11 საათისთვის იქვე მცხოვრებმა ბავშვებმა უგონოდ იპოვეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.

გიგა ავალიანმა 23 დღე იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG