Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი იანვრიდან თავის 29 საკადრო დიპლომატს გამოიწვევს


Associated Press-ისა და The Guardian-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 2026 წლის იანვრიდან 29 საკადრო დიპლომატს - ელჩებს და სხვა მაღალი თანამდებობის თანამშრომლებს - გამოიწვევს საგარეო წარმომადგენლობებიდან მთელ მსოფლიოში.

სახელმწიფო დეპარტამენტში Associated Press-ის წყაროების ცნობით, გასულ კვირას, სულ ცოტა, 29 ქვეყანაში ეცნობათ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, რომ მათი უფლებამოსილების ვადა იანვარში იწურება.
ამ ქვეყნებს შორისაა ათზე მეტი აფრიკული სახელმწიფო, ექვსი - აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან, მათ შორის ფილიპინები და ვიეტნამი, და ოთხი - ევროპიდან (სომხეთი, მაკედონია, მონტენეგრო და სლოვაკეთი).

დიპლომატები, რომლებსაც გამოიწვევენ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დანიშნა. Associated Press-ის ცნობით, მათ ისეთი თანამშრომლები ჩაანაცვლებენ, რომლებიც მხარს უჭერენ ტრამპის პრიორიტეტებს და ამ პრიორიტეტების შესაბამის იდეას - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, - წერს Associated Press-ი.


გამოცემა Politico, რომელიც 19 დეკემბერს იტყობინებოდა დიპლომატების დაგეგმილი გამოწვევის შესახებ, ამ ნაბიჯს „უჩვეულოს“ უწოდებს - მიუხედავად იმისა, რომ ახალი პრეზიდენტებისთვის ელჩების შეცვლა დამახასიათებელია, საკადრო დიპლომატებს, როგორც წესი, მუშაობის გაგრძელების უფლება აქვთ, იქიდან გამომდინარე, რომ მათ, როგორც დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლებმა, თეთრი სახლის ნებისმიერი ადმინისტრაციის ნება უნდა შეასრულონ.


სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ისინი, ვისაც საკადრო ცვლილებები შეეხო, დიპლომატიურ სამსახურს არ დაკარგავენ და ვაშინგტონში სხვა მოვალეობების შესასრულებლად დაბრუნდებიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG