Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 15 000 ლარამდე იზრდება


თინათინ ბერძენიშვილი
თინათინ ბერძენიშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი იზრდება. ის მომავალი წლის 1 იანვრიდან „ხელზე“ 15 000 ლარს აიღებს, ამაში გათვალისწინებული არ არის საშემოსავლო გადასახადი - 20% (ჯამში 18 750 ლარი გამოდის). საკითხი საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ დააყენა.

ამავე სხდომაზე ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, არხის დირექტორმა თქვა, რომ მომდევნო წელს პრიორიტეტად რჩება თანამშრომელთა ხელფასების გაზრდა, პრიორიტეტი კი მიენიჭება იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე ნაკლები ხელფასი აქვთ.

თინათინ ბერძენიშვილი მაუწყებლის დირექტორად 2020 წლის სექტემბერში 6 წლის ვადით აირჩიეს. მან 2024 წლის ბოლოს უარი თქვა, ხელფასი 12 500 ლარიდან 16 250 ლარამდე გაზრდოდა.

მისი დირექტორობის დროს არხი ახალ შენობაში გადავიდა.

ასევე მისი დირექტორობის დროს არაერთი კითხვა დაისვა არხის სარედაქციო პოლიტიკის მიკერძოების შესახებ. ადამიანთა ნაწილი, რომელიც ამ საკითხზე საუბრობდა, ტელევიზიის თანამშრომელი აღარა. მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას გამორიცხავენ თანამშრომლების ნაწილი და მენეჯმენტი.

გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭოს დღევანდელ, 23 დეკემბრის, სხდომაზე უყარეს კენჭი. სამეურვეო საბჭომ ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ 7000 ლარამდე (ხელზე ასაღები) გაიზრდება აჭარის ტელევიზიის დირექტორის ხელფასი - მის ასარჩევად კონკურსი უკვე მესამედ გამოცხადდა.

ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების“ კვოტით სამეურვეო საბჭოს წევრად არჩეულმა ვასილ მაღლაფერიძემ დააყენა კიდევ ერთი საკითხი, 2025 წელს მე-13 ხელფასი აიღონ სამეურვეო საბჭოს წევრებმა და დირექტორთა საბჭომ. გარდა ამისა, პრემია გადაეცეთ მათ, ვინც „ეკრანზე არ ჩანან“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ძირითადი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხაა. მომდევნო წელს, 2025 წლის მსგავსად, ის ბიუჯეტიდან 101 მილიონ ლარს მიიღებს. ამ თანხაშია გათვალისწინებული აჭარის ტელევიზიისთვის გამოსაყოფი თანხაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG