Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 ადამიანი დააკავეს სვანეთში ხე-ტყის ჭრისას ბიუჯეტისთვის ₾4 მლნ-მდე ზარალის მიყენების ბრალდებით


დასახელებულმა კომპანიებმა 2021–2024 წლებში სვანეთიდან 102 მილიონი ლარის ღირებულების, დაახლოებით 130 000 კუბური მეტრი ხის მასალა გაყიდეს
დასახელებულმა კომპანიებმა 2021–2024 წლებში სვანეთიდან 102 მილიონი ლარის ღირებულების, დაახლოებით 130 000 კუბური მეტრი ხის მასალა გაყიდეს

სვანეთში ხე-ტყის ჭრით სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 4 მილიონ ლარამდე ზიანის მიყენების ბრალდებით „ფინანსურმა პოლიციამ“ რვა ადამიანი დააკავა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მოტყუებით 3 926 261 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე“ დააკავა რვა ადამიანი.

გამოძიების თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს „დანაშაულებრივი სქემა“, რომლის ფარგლებში დააფუძნეს ათეულობით კომპანია, მათ შორის:

  • შპს „ნამორა 2021“
  • შპს „თბილი კერა“
  • შპს „ოლიმპუს 1988“
  • შპს „რამინა 22“
  • შპს „ნამორა“
  • შპს „კუბიკი“
  • შპს „რანდა 2023“ -
  • შპს „ზაზა 2022“
  • შპს „ევი 2022“

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ამ კომპანიებს ხუთი ადამიანი ფლობს:

  1. მამუკა ციმინტია: „ნამორა 2021“ და „თბილი კერა“
  2. ვლადიმერ ლიპინსკი: „ოლიმპუს 1988“
  3. ლავრენტი ჯინჯოლავა: „რამინა 22“, „ნამორა“, „კუბიკი“, „რანდა 2023“
  4. ზაზა მატიაშვილი: „ზაზა 2022“
  5. ფრიდონ ნანეიშვილი: „ევი 2022“.

„ყალბი მონაცემები“

„დგინდება, რომ დასახელებული კომპანიების მეშვეობით, 2021–2024 წლებში, სვანეთიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა 102 მილიონი ლარის ღირებულების, დაახლოებით 130 000 კუბური მეტრი ხის მასალის ტრანსპორტირება და შემდგომ რეალიზაცია“, - წერს საგამოძიებო სამსახური.

„ხის მასალის რეალიზაციისას, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დღგ-ს დეკლარაციებში ყალბი მონაცემების მითითებით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით — 3 926 261 ლარის ზიანი მიაყენეს.

მათ 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ნოემბრის ბოლოს სვანეთში იმყოფებოდა გამოცემა „ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელი ელისო კილაძე, რომელმაც არაერთი ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა ხე-ტყის სავარაუდოდ უკანონოდ მოპოვების შესახებ.

„ფინანსური პოლიცია“ წერს, რომ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები „ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების გამოვლენის მიზნით“.

„ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, ხოლო გამოძიების პროცესში არ არის გამორიცხული გაიზარდოს ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა“, - აცხადებენ უწყებაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG