Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩოს ტელეფონი დადგენილი არ აქვთ, გუშინაც მე დამირეკეს და ისე დაიბარეს - ახალაიას ცოლი


ანი ნადარეიშვილი: „კომუნიკაცია ჩვენ ყველასთან [გვქონდა]. არასდროს არ გვითქვამს, რომ ამ ადამიანებს არ ვიცნობთ“.
ანი ნადარეიშვილი: „კომუნიკაცია ჩვენ ყველასთან [გვქონდა]. არასდროს არ გვითქვამს, რომ ამ ადამიანებს არ ვიცნობთ“.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დაპატიმრებული ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მისი ქმრის მობილური ტელეფონის ნომერი არ აქვს დადგენილი და „სასაცილოს“ უწოდებს ბრალდებას.

ის ასევე აცხადებს, რომ დაკავებამდე ახალაია გეგმავდა პოლონეთში ემიგრაციას, თუმცა ქართველმა მესაზღვრეებმა არ გაუშვეს.

ანი ნადარეიშვილის თქმით, მეუღლის დაკავებისას მან ტელეფონით გადაღება და ფეისბუკზე პირდაპირ ეთერში გასვლა სცადა: „კოდი ავკრიფე, რომ ლაივი ჩამერთო, საოცარი სანახაობა იყო. ეგრევე მომიშვირეს ავტომატები, დააგდე ტელეფონიო, ნივთმტკიცებააო და დააგდეო“, - ამბობს ის.

„ბაჩოს ტელეფონი დადგენილი არ აქვთ. გუშინაც მე დამირეკეს, ბაჩო ისევ ჩემი ტელეფონის მეშვეობით დაიბარეს... არ იციან ბაჩოს ტელეფონი. საიდან ადგენენ რომ ჩემი ტელეფონი არ არის?.. საიდან ადგენენ ამას, ვარაუდია, ხომ? სასაცილოა, მაგრამ ჩვენთან ხომ ცირკები ხდება სასამართლოში“, - უთხრა დღეს, დილას, 26 დეკემბერს ტელეკომპანია პირველს ანი ნადარეიშვილმა.

  • 26 დეკემბერს, საღამოს ახალაია საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. სუსის განცხადების თანახმად, თავდაპირველად დააკავეს მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილიც, შემდეგ კი გამოუშვეს.
  • დაკავება უკავშირდება 2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციას, რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობა „კონსტიტუციური წყობილების დამხობის“ მცდელობად მიიჩნევს.

„ბაჩო რამდენიმე კვირის წინ ისევ პოლონეთში უკან გაბრუნებას აპირებდა. ჩვენ იქ წასულები ვიყავით, როგორც ემიგრანტები. ბანკში გვაქვს ყველაფერი და ლუკმაპურის საშოვნელად ვიყავით. ძალიან დიდი დავალიანება გვაქვს... ბაჩო საზღვარზე არ გაუშვეს“, - ამბობს ნადარეიშვილი.

მისი თქმით, ეს დაახლოებით სამი კვირის წინ მოხდა და ახალაიასთვის მიზეზი არ განუმარტავთ.

„ბაჩოს თვითონაც ჰქონდა მოლოდინი, რომ დააკავებდნენ. აბსოლუტურად ყველაფერი იცოდნენ, მათ შორის, ჩვენი გადაადგილება და ის, ვინ მოდიოდა ჩვენთან. დიდი ხანია ლუპის ქვეშ ვართ“, - ამბობს ანი ნადარეიშვილი.

„სრული აბსურდი“

„სრული აბსურდია ის, რაც გუშინ ბრიფინგზე მოისმინა საზოგადოებამ. ეს იყო სრული ბოდვა“, - აცხადებს ნადარეიშვილი სუსის მიერ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით.

მისი თქმითვე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბაჩო ახალაიას პირადი მობილური ტელეფონი არ აქვს იდენტიფიცირებული.

„ბაჩო რომ დაიბარეს ხმის ჩანაწერის ნიმუშზე [ოქტომბერში], მე დამირეკეს... მე მაშინ ვუთხარი, მე რატომ მირეკავთ, თუ ბაჩოს იბარებთ-მეთქი? ბაჩოს ტელეფონი არ ვიცითო. ბაჩოს ტელეფონიც არ აქვთ დადგენილი. სახლში ვინ ვცხოვრობდით, ისიც არ აქვთ დადგენილი“, - ამბობს ახალაიას მეუღლე.

თუმცა ნადარეიშვილი ასევე ამბობს: „კომუნიკაცია ჩვენ ყველასთან [გვქონდა]. არასდროს არ გვითქვამს, რომ ამ ადამიანებს არ ვიცნობთ. ზოგიერთი ნათესავია, ოჯახის ახლობელი, მეგობარი“, - თქვა მან.

ნადარეიშვილის თქმით, იგი გუშინ არ დაუკითხავთ, ხოლო სუსიდან ადვოკატთან კომუნიკაციის საშუალების გარეშე გამოუშვეს.

  • ხუთშაბათ საღამოს, 25 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „საქართველოში [4 ოქტომბრის მოვლენების] მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია“.
  • სუსის უფროსის პირველი მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებითვე, ახალაია პროცესს ინტერნეტ-აპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.
  • მან ასევე განაცხადა, რომ „საქმეზე ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება“.

მათ შორის დაასახელა „წუთებისა და წამებით სიზუსტის ინტერნეტტრაფიკის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით“ პირთა შორის მობილური ტელეფონების ინტერნეტ-აპლიკაციების მეშვეობით შემდგარი სატელეფონო ინტერნეტ-კავშირი.

სუსის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე აწ უკვე ბრალდებულ ორგანიზატორებთან, - „საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრებთან, მათ შორის პაატა ბურჭულაძესთან, - 4 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან მათს დაკავებამდე ჯამში 343-ჯერ შედგა კომუნიკაცია - „სატელეფონო ინტერნეტ-კომუნიკაცია ინტერნეტ-აპლიკაციების მეშვეობით“.

მათ შორის:

  • „მურთაზ ზოდელავასთან - 157-ჯერ
  • პაატა ბურჭულაძესთან - 110-ჯერ
  • პაატა მანჯგალაძესთან - 29-ჯერ
  • ლაშა ბერიძესთან - 26-ჯერ
  • ირაკლი ნადირაძესთან - 21-ჯერ“.

4 ოქტომბრის შემდეგ ხუთივე მათგანი დაკავებულია და „წინასწარი პატიმრობა“ აქვს შეფარდებული.

ლაშა მაღრაძემ თქვა, რომ „მიღებულია გადაწყვეტილება [ანა ნადარეიშვილის] დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ“.

„გამოძიება მომავალში არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს, იღებდა თუ არა რაიმე ფორმით ისიც მონაწილეობას მის მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში“, - თქვა სუსის წარმომადგენელმა.

„ანა ნადარეიშვილის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმის მიუხედავად, რომ ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე“, - განაცხადა მაღრაძემ ბრიფინგზე.

„მას [ახალაიას] ჰქონდა საშუალება, ეპასუხა კითხვაზე, მხოლოდ ის კონტაქტობდა დანაშაულის სხვა ორგანიზატორებთან, თუ ამაში ჩართული იყო ანა ნადარეიშვილიც, [რაზეც არ უპასუხა], რითაც თავადაც არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენაში მისი მეუღლის თანამონაწილეობა“, - განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის შეფასებით, „სუსმა, ფაქტობრივად, გვითხრა, რომ ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის დაკავებით აშანტაჟებს“.

„თუ არ აღიარებს 4 ოქტომბრის ორგანიზატორობას, ანის დაიჭერენ. ამას ისედაც უთვლიდნენ“, - წერს წითლიძე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG