Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩო ახალაიას ბრალი წაუყენეს


ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია

ყოფილ თავდაცვის მინისტრ, ბაჩო ახალაიას ბრალი წაუყენეს. მისმა ადვოკატმა, გია გოროზიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის დატოვების შემდეგ არ დაასახელა მუხლი, რომლითაც ბრალი წაუყენეს ყოფილ მაღალჩინოსანს.

„ბაჩოს პოზიციაა, რომ ბრალი არის უსაფუძვლო და აბსურდული. პირდაპირ რომ გითხრათ, ცინიზმი. მას ბრალი წარედგინა იმისთვის, რომ ბატონ მურთაზ ზოდელავასთან და პაატა ბურჭულაძესთან აკავშირებს მეგობრობა... არ ენდობა გამოძიებას და ამ მოტივით მან ჩვენება არ მისცა გამოძიებას“, - თქვა ბაჩო ახალაიას ადვოკატმა.

მისივე განმარტებით, საგამოძიებო უწყება მოითხოვდა, მას ხელი მოეწერა გაუთქმელობისთვის, რაც ნიშნავს, რომ მას საქმის დეტალებზე საუბარი აეკრძალებოდა. გია გოროზიას სიტყვებით, „ხელი არ მოვაწერე, შენიშვნა შევიტანე, ვინაიდან მეზღუდება დაცვის უფლების განხორციელება“.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პროკურატურამ, რომელშიც წერია, რომ ახალაის ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით - ამ დანაშაულისთვის 9 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული:

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ ტექნიკური მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, დააორგანიზა და პირადად ხელმძღვანელობდა პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის და სხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებებს“.

ბრალის წაყენების შემდეგ პროკურატურა სასამართლოს მიმართავს. თბილისის სასამართლოს მიმართვიდან 24 საათი აქვს აღკვეთის ღონისძიებაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

  • 26 დეკემბერს, საღამოს ახალაია საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. სუსის განცხადების თანახმად, თავდაპირველად დააკავეს მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილიც, შემდეგ კი გამოუშვეს.
  • 25 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ „საქართველოში [4 ოქტომბრის მოვლენების] მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია“.

სუსის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ „საქმეზე ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება“, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე აწ უკვე ბრალდებულ ორგანიზატორებთან, - „საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრებთან, მათ შორის პაატა ბურჭულაძესთან, - 4 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან მათს დაკავებამდე ჯამში 343-ჯერ შედგა კომუნიკაცია - „სატელეფონო ინტერნეტ-კომუნიკაცია ინტერნეტ-აპლიკაციების მეშვეობით“.

ბაჩო ახალაის ცოლმა „სრული აბსურდი“ უწოდა სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამის დასტურად თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბაჩო ახალაიას პირადი მობილური ტელეფონი არ აქვს იდენტიფიცირებული.

„ბაჩო რომ დაიბარეს ხმის ჩანაწერის ნიმუშზე [ოქტომბერში], მე დამირეკეს... მე მაშინ ვუთხარი, მე რატომ მირეკავთ, თუ ბაჩოს იბარებთ-მეთქი? ბაჩოს ტელეფონი არ ვიცითო. ბაჩოს ტელეფონიც არ აქვთ დადგენილი. სახლში ვინ ვცხოვრობდით, ისიც არ აქვთ დადგენილი“, - ამბობს ახალაიას მეუღლე.

ე.წ. მშვიდობიანი დამხობის აქციის გამართვიდან რამდენიმე დღეში, 10 ოქტომბერს ბაჩო ახალაია და მისი მეუღლე, ანი ნადარეიშვილი გამოჰკითხეს. ახალაია - შსს-ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, ნადარეიშვილი კი - სუს-ში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG