Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსთან მოგვარებულია სომხეთში საწვავის ტრანზიტის ტარიფის საკითხი - აზერბაიჯანის საგარეო მინისტრი


ჯეიჰუნ ბაირამოვი: „ვფიქრობ, ეს საკითხი მოგვარებულია და ეს გზა კვლავ გამოყენებული იქნება“
ჯეიჰუნ ბაირამოვი: „ვფიქრობ, ეს საკითხი მოგვარებულია და ეს გზა კვლავ გამოყენებული იქნება“

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ სომხეთში აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების საქართველოთი ტრანზიტის ტარიფთან დაკავშირებით საკითხი მოგვარებულია.

პარასკევს, 26 დეკემბერს წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავდაპირველად საქართველოს მიერ დასახელებული ტარიფი „მართლაც ძალიან მაღალი“ იყო.

„ამან აზერბაიჯანში კითხვები გააჩინა, რადგან ეს [ტარიფი] არ შეესაბამებოდა არსებულ პრაქტიკას“, - თქვა მან და განაგრძო:

„მოკლე დროში საქართველოს ხელმძღვანელობა ჩაერია საკითხში და საკითხი მოგვარდა. კომპანიებს შორის შედგა შეთანხმება ბაზრის პირობებთან სრულად შესაბამის ტარიფზე“.

აზერბაიჯანული პროსამთავრობო მედიის ცნობით, ბაირამოვმა თქვა, რომ შეთანხმება შედგა საქართველოს რკინიგზასთან.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას. ეს აჩვენებს, რომ აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობები მეგობრულია. ვფიქრობ, ეს საკითხი მოგვარებულია და ეს გზა კვლავ გამოყენებული იქნება“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანამდე სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს რკინიგზის გავლით ტვირთების ტრანზიტის თავდაპირველი ფასი, რაც საქართველომ დაასახელა, მიიჩნიეს, რომ არის „შედარებით მაღალი“ და „არაკონკურენტული“, თუმცა მოლაპარაკებები კვლავ გრძელდებოდა.

კიდევ უფრო ადრე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების საქართველოს გავლით სომხეთში მიწოდებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა არსებობდა, რაც თბილისის მიერ დასახელებულ ტარიფს უკავშირდებოდა.

18 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) სომხეთს 22 ცისტერნით 1220 ტონა АИ‑95 მარკის ბენზინი გაუგზავნა. ტვირთი დანიშნულების ადგილას მეორე დღეს ჩავიდა.

  • დეკემბრის დასაწყისში აზერბაიჯანის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ „უსაფუძვლოდ მაღალი“ ტარიფი მოითხოვა საწვავის ტრანზიტისთვის.
  • აზერბაიჯანულ პროსამთავრობო მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების გადასაზიდად საქართველომ ერთ ტონაზე „92$-იანი ტარიფი“ მოითხოვა.
  • თბილისში პასუხად განაცხადეს, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის „ერთჯერად იმპორტს“ სახელმწიფო „სრულიად უსასყიდლოდ“ განახორციელებდა.
  • ჯერჯერობით საჯაროდ არ დასახელებულა ტარიფის ის განაკვეთი, რაზეც მხარეები მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდნენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG