რუსეთი და უკრაინა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) შუამავლობით შეთანხმდნენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონში ცეცხლის დროებითი ლოკალური შეწყვეტის შესახებ. ამის თაობაზე IAEA-ის გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა. მან ორივე მხარეს გადაუხადა მადლობა „სიჩუმის ფანჯარაზე“ თანხმობისთვის, რაც აუცილებელია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქვესადგურებსა და ზაპოროჟიეს თბოელექტროსადგურს შორის ელექტროენერგიის გადაცემის აღსადგენად.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ სადგურის ტერიტორიაზე დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთება. საკვანძო სამუშაოები IAEA-ის ჯგუფის ზედამხედველობით მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე გაგრძელდება. სააგენტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის დროებითი და ლოკალური ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფას და კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას.
ომის დასრულების შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მართვის საკითხი კვლავაც მთავარ გადაუჭრელ საკითხად რჩება შესაძლო სამშვიდობო გეგმის განხილვისას. ვაშინგტონმა ადრე წამოაყენა წინადადება უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მიერ სადგურის ერთობლივი ექსპლუატაციის ფორმატის თაობაზე. უკრაინა მოითხოვს შეერთებულ შტატებთან ერთობლივ საწარმოს შექმნას.
24 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ შესაძლებელია აშშ-რუსეთის მიერ სადგურის ერთობლივი მართვა უკრაინის მონაწილეობის გარეშე.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც კვირას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხვდება ფლორიდაში, თქვა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომლის განხილვასაც აპირებს ორი ლიდერი.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც უდიდესია ევროპაში, რუსეთმა 2022 წელს, ომის დასაწყისში ჩაიგდო ხელში.
ფორუმი