Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ მეარაყიშვილმა 10 კგ დაკარგა, მშრალ შიმშილობაზე გადავიდა, მდგომარეობა გაუარესდა - ადვოკატი


თამარ მეარაყიშვილმა შიმშილობის დაწყების შემდეგ 10 კილოგრამი დაკარგა, გადავიდა „მშრალ შიმშილობაზე“, - ამბობს მისი ადვოკატი
თამარ მეარაყიშვილმა შიმშილობის დაწყების შემდეგ 10 კილოგრამი დაკარგა, გადავიდა „მშრალ შიმშილობაზე“, - ამბობს მისი ადვოკატი

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაპატიმრებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც 23 დეკემბრიდან შიმშილობს, „მშრალ შიმშილობაზე“ გადავიდა, რაც ნიშნავს, რომ მან წყლის მიღებაც შეწყვიტა; ადვოკატი ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და 10 კილოგრამი დაკარგა.

მეარაყიშვილის ადვოკატმა ალან ბაზზაევმა გამოცემა Sapa-ს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ განუცხადა, რომ აქტივისტი სრულად უარს ამბობს არა მხოლოდ საკვებზე, არამედ წყალსა და მედიკამენტებზეც.

ამასთან, ადვოკატის განცხადებით, თამარ მეარაყიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ადვოკატის თქმით, მისი წნევა მერყეობს; ასევე, ამბობს, რომ ამ ეტაპზე მეარაყიშვილი „ნორმალურად საუბრობს“, მაგრამ „გარეგნულად აშკარად ეტყობა, რომ ცუდად არის“.

ადვოკატის თანახმადვე, მეარაყიშვილმა შიმშილობის შედეგად უკვე დაკარგა 10 კილოგრამი.

მოკლე დროში წონის რადიკალური კლება, მათ შორის შიმშილობის, განსაკუთრებით კი მშრალი შიმშილობის გაგრძელების ფონზე, ჯანმრთელობისთვის სერიოზული რისკების შემცველია.

„ის ამბობს, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და თავს მიიჩნევს პრეზიდენტ ალან გაგლოევის პირად პატიმრად. ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას გათავისუფლებამდე“, - განაცხადა ბაზაევმა.

  • ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი გამოეხმაურა "ჯაშუშობის" ბრალდებით დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საქმეს.
  • "არავის მივცემ ნებას, არიოს სიტუაცია რესპუბლიკაში ამ რთულ დროს", - თქვა მან, რითაც ფაქტობრივად აღიარა, რომ დაპატიმრება უკავშირდებოდა მეარაყიშვილის გეგმებს, ცხინვალის ცენტრში ერთი კაცის აქცია მოეწყო.
  • ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ასევე თქვა, რომ არ დაუშვებს, ცენტრალურ მოედანზე, სადაც საახალწლო ნაძვის ხე დგას „ბავშვებს დღესასწაული ჩაუშალონ“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „პროვოკატორები კანონის შესაბამისად აგებენ პასუხს“.

თამარ მეარაყიშვილი გაგლოევთან შეხვედრას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა.

ის დაანონსებული აქციის წინა ღამით, 22 დეკემბერს დააკავეს.

ე.წ. სასამართლომ მეარაყიშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„ჯაშუშობის“ ბრალებით, მას 10-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG