საპორტო ობიექტზე დარტყმისა და „ძლიერი აფეთქების" შესახებ ტრამპმა მედიას 29 დეკემბერს უთხრა ფლორიდის რეზიდენციაში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის წინ, როცა კომენტარი სთხოვეს რადიოსადგურ WABC-სთან ინტერვიუში 26 დეკემბერს ნათქვამზე, რომ ვენესუელაში მწყობრიდან გამოიყვანეს მსხვილი ობიექტი.
აშშ-ის პრეზიდენტს არც 29 დეკემბერს დაუკონკრეტებია, ვენესუელის რომელ რაიონში ჩატარდა ოპერაცია და როდის.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვაშინგტონმა ვენესუელაში, ხმელეთზე ჩატარებული ოპერაციის შესახებ განაცხადა. მანამდე ამერიკელმა სამხედროებმა ზღვაში არაერთხელ დაარტყეს ვენესუელის გემებს, რომლებსაც შეერთებული შტატების თანახმად, ნარკოტიკები გადაჰქონდათ.
ტელეკომპანია CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დეკემბერში ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ვენესუელის სანაპიროზე დრონით დაარტყა საპორტო ნაგებობას, რომელსაც აშშ-ის აზრით, ნარკოტიკების შესანახად და ტრანსპორტირებისთვის იყენებს დაჯგუფება Tren de Aragua.
CNN-ის წყაროთა თანახმად, დარტყმის მომენტში ობიექტზე არავინ იმყოფებოდა და შესაბამისად, მსხვერპლი არ არის.
პრეზიდენტ ტრამპს ჟურნალისტებმა 29 დეკემბერს ჰკითხეს, იყო თუ არა ეს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოპერაცია. აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამაზე საუბარი არ სურს.
ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში, თეთრ სახლსა და პენტაგონში კომენტარი არ გააკეთეს.
ვენესუელის ხელისუფლებას ქვეყნის სახმელეთო ტერიტორიაზე დარტყმის შესახებ არაფერი უთქვამს.
2025 წლის შემოდგომიდან ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელის ნაპირების მახლობლად შეტევა მიიტანეს რამდენიმე ათეულ გემზე, რომლებსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ნარკოტიკები გადაჰქონდათ.
ბოლო ასეთი დარტყმის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობამ 29 დეკემბერს განაცხადა. მისი ინფორმაციით, საერთაშორისო წყლებში დაარტყეს „ნარკოტიკებით ვაჭრობის ოპერაციაში“ ჩართულ გემს, რომლის ბორტზე მყოფი ორი „ნარკოტერორისტი“ დაიღუპა.
პენტაგონმა ოფიციალურად ნოემბერში გამოაცხადა, რომ დაიწყო სამხედრო ოპერაცია ნარკოტიკებისგან შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ნახევარსფეროს დასაცავად. ტრამპის ადმინისტრაციამ კარიბის ზღვაში, ვენესუელის სანაპიროს მახლობლად განათავსა სამხედრო გემების უმსხვილესი დაჯგუფება ავიამზიდ Gerald R. Ford-ის მეთაურობით.
მადუროს ხელისუფლებამ, რომელსაც აშშ ნარკოტიკებით უკანონოდ ვაჭრობის გარდა ადამიანის უფლებების დარღვევასა და რეპრესიებში ადანაშაულებს, განაცხადა, რომ ტრამპის რეალური მიზანი არა ნარკოტიკებთან ბრძოლა ან ადამიანის უფლებების დაცვა, არამედ ვენესუელის ნავთობის მითვისება და ქვეყნის მთავრობის დამხობაა.
10 დეკემბერს აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ გამოაცხადა, რომ ვენესუელის სანაპიროსთან დააკავეს ტანკერი, რომელიც სანქცირებულია ვენესუელიდან და ირანიდან ნავთობის ტრანსპორტირებაში მონაწილეობისთვის. ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტანკერის დაკავებას „საერთაშორისო მეკობრეობის აქტი“ უწოდა.
ვენესუელის ნავთობის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები 2019 წლიდან მოქმედებს.
17 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის რეჟიმი დაადანაშაულა ნავთობის მოპარვაში და ვენესუელიდან მომავალი და ამ ქვეყნისკენ მიმავალი სანქცირებული ტანკერების სრული ბლოკადის ბრძანება გასცა.
ნიკოლას მადუროს მთავრობამ აშშ-ის პრეზიდენტი დაადანაშაულა საერთაშორისო სამართლისა და თავისუფალი ვაჭრობისა და ნაოსნობის პრინციპების დარღვევაში.
- სოციალისტური პარტიის ლიდერი ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტია 2013 წლის აპრილიდან.
- ოპოზიციამ მადუროს ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში არაერთხელ დაადანაშაულა, მათ შორის 2024 წელსაც, როცა ეგზიტპოლების და ოპოზიციის პარალელური დათვლის შედეგებით არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ გამარჯვებულად ისევ ნიკოლას მადურო გამოაცხადა.
- მადუროს, რომელიც რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობს, ვენესუელის პრეზიდენტად არ ცნობენ აშშ და დასავლეთის არაერთი სხვა სახელმწიფო.
ფორუმი