Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს პატიმრობა შეეფარდა - ყოფილი გენპროკურორი სხდომას არ ესწრებოდა


ფოტო არქივიდან: ოთარ რომანოვ ფარცხალაძე
ფოტო არქივიდან: ოთარ რომანოვ ფარცხალაძე

ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს, პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. ის რუსეთშია გაქცეული. პროკურატურის თანახმად, საქართველოს საზღვარი მან 2025 წლის ივნისში გადაკვეთა.

ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ბრალად ედება ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 30 დეკემბერს, გამართულ სხდომაზე, პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა, რომ სახეზეა ყველა რისკი: მტკიცებულებების განადგურება, განმეორებითი დანაშაული და მიმალვა [რაც უკვე მოხდა].

ფარცხალაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი არ დაეთანხმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნას.

საქმეში 32 ტომია. გაგი მოსიაშვილის თქმით, მტკიცებულებები "გელა უძილაურის საქმის მასალებიდანაა გადმოკოპირებული".

"32 ტომს დამატებულია 50 ფურცლამდე დოკუმენტაცია, სადაც არის სამი მოწმის ჩვენება..."

"დავაკონკრეტებ, სასამართლოში შემოსულია საქმე - 7 ტომი და არა 32", - გააწყვეტინა სიტყვა ადვოკატს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ.

დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ოთარ ფარცხალაძე აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა იყოს დატოვებული, ვინაიდან საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება.

ფარცხალაძის კიდევ ერთი ადვოკატის, მერაბ ჩიქოვანის თქმით, ბრალდების მხარეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყოფილი პროკურორი არც კი დაუბარებია საგამოძიებო უწყებაში.

"არ უთქვიათ, მობრძანდი, შენთან კითხვები გვაქვსო, - თქვა მერაბ ჩიქოვანმა და განაგრძო, - არის სატელეფონო შეტყობინების ოქმი, რომ ურეკავენ ოჯახს და ეუბნებიან, გთხოვ წარმოადგინოთ ადვოკატიო...ეს არის შეტყობინების სტანდარტი?" - დასვა შეკითხვა ადვოკატმა.

პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ საქმის ტომებთან დაკავშირებული გაურკვევლობა ასე განმარტა:

"უძილაურის საქმის მასალებიცაა ამ საქმეში, ეს განვუმარტეთ დაცვის მხარეს. უძილაურის მიღმა რაც არის მოპოვებული, 7 ტომი ისაა... რა გასაკვირია, რომ აქ უძილაურის საქმის მასალებიცაა? უძილაური აღმსრულებელია.. ყველა ერთად არის ამ საქმეში, წივწივაძეს, მაგალითად, ვედავები მკვლელობის იარაღის გასაღებას".


ადვოკატის თქმით, პროკურორი საქმეზე ზედაპირულად საუბრობს.

აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი აცხადებს, რომ დაცვის მხარის პოზიციით, წარდგენილი ბრალდებები უსაფუძვლო და აღმაშფოთებელია. ფარცხალაძე ბრალს არ აღიარებს.

29 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე „სრულად გახსნილია“.

მანვე განმარტა, რომ მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს.

  • ამ საქმეზე „კილერობისთვის“ მსჯავრდადებულია ყოფილი სპეცრაზმელი გელა უძილაური, რომელიც მკვლელობას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ეს განზრახული და მით უმეტეს შეკვეთილი, არ ყოფილა. მას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.
  • ამჟამად სასამართლო განიხილავს სანდრო (ჯანო) წივწივაძის საქმეს - ის ბრალდებულია იმ იარაღის უკანონოდ გასხვისებაში, რომლითაც ჯანგველაძე მოკლეს;
  • ასევე გრძელდება ბიზნესმენი ძმების, გიორგი და დავით (დათუნა) მიქაძეებისა და მათი გარემოცვის წევრების საქმე - მათ მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან. ყველანი უარყოფენ ბრალს.



ოთარ რომანოვ ფარცხალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2026 წლის 19 თებერვალს დაინიშნა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG