მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, "ნალოქსონი" იქნება ხელმისაწვდომი უსახლკაროთა თავშესაფრებსა და გადაუდებელი საჭიროების მქონეთათვის. ეს ინიციატივა არის ცენტრალური ნაწილი პროგრამისა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულთა მკურნალობასა და საგანმანათლებლო სერვისებს მოიცავს. მისი დაფინანსება რეკორდულია და მომდევნო სამი წლისთვის 3.4 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ინფორმაციით, "ნალოქსონზე" ხელმისაწვდომობის გაზრდით შესაძლებელია ოპიოიდებით ზედოზირების საფრთხის წინაშე მყოფი ასობით ადამიანის გადარჩენა წელიწადში.
"ნალოქსონი" არის ოპიოიდების ზედოზირების გამანეიტრალებელი, სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტი.
2012 წლიდან დღემდე ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა დიდ ბრიტანეთში გაორმაგდა და მხოლოდ გასულ წელს ინგლისსა და უელსში 5565-ს მიაღწია. 2023 წლიდან 2024 წლამდე მნიშვნელოვნად - 52-დან 195-მდე გაიზარდა სინთეტიკური ოპიოიდის - “ნიტაზენესის” მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობა.
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა კარინ სმითმა განაცხადა:
“ნარკოტიკით გარდაცვალების თითოეული შემთხვევა თავიდან აცილებადი ტრაგედიაა. "ნალოქსონი" უსაფრთხო, ეფექტიანი მედიკამენტია, რომელსაც შეუძლია ოპიოიდების ზედოზირების უკუქცევა და ადამიანისთვის მკურნალობისა და ცხოვრების თავიდან დაწყების შანსის მიცემა. გვინდა მოვხსნათ ყველა ბარიერი, რომელიც "ნალოქსონთან" წვდომაზე აქვთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ის იმ მომენტში, როცა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებიან. ამიტომაც, ვიწყებთ ამ კონსულტაციებს, რომ შევცვალოთ რეგულაციები და უზრუნველვყოთ, რომ მათ, ვისაც ოპიოიდების მომხმარებლებთან უწევთ მუშაობა, ან საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც საგანგებო ვითარებაში აღმოჩნდებიან, შეეძლოთ სიცოცხლის გადარჩენა".
კონსულტაციების მიზანია რეგულაციების იმგვარად შეცვლა, რომ შესაძლებელი იყოს:
- "ნალოქსონის" მიწოდება ჰოსტელებში, დღის ცენტრებსა და საინფორმაციო მომსახურების სერვისებში უსახლკაროებისთვის;
- მარაგების მიწოდება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების თანამშრომლებისთვის ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა სასაზღვრო ძალები, დანაშაულთან ბრძოლის სახელმწიფო სააგენტო და ლაბორატორიებში, სადაც შესაძლოა გამოავლინონ ოპიოიდები, როგორიცაა “ნიტაზენესი”;
- "ნალოქსონზე" წვდომის ახალი გზების შემოღება, საჯაროდ ხელმისაწვდომი გადაუდებელი დახმარების ყუთებით ისეთი მაღალი რისკის ადგილებში, როგორებიცაა ცენტრალური ქუჩები და ღამის გასართობი დაწესებულებები.
გაერთიანებული სამეფოს ახლანდელი მთავრობის მიერ შემოღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, 2024 წლის დეკემბრიდან გაიზარდა იმ ორგანიზაციებისა და გადაუდებელი სამსახურების პროფესიონალთა წრე, რომლებსაც "ნალოქსონის" თან ქონა შეუძლიათ, მათ შორის არიან პოლიციელები, პარამედიკოსები და პრობაციის სამსახურის თანამშრომლები.
"ნალოქსონი" დიდ ბრიტანეთში მხოლოდ რეცეპტით გაიცემა, თუმცა ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებებით, გაფართოვდა იმ ორგანიზაციებისა და პროფესიონალთა წრე, ვისაც შეუძლია მისი რეცეპტის გარეშე გაცემა.
ამ ცვლილებების მიუხედავად, საზოგადოების არასაკმარისად ინფორმირებულობისა და სტიგმის გამო, აგრეთვე ინგლისში სარეგისტრაციო სერვისების შექმნასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ბარიერები რჩება. ახალი ინიციატივების მიზანია ამ გამოწვევების გადალახვა შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებებით.
“ნალოქსონი” დროებით ანეიტრალებს ოპიოიდის ზედოზირების ეფექტს, რითაც ხდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მოსასვლელად საჭირო დროის მოგება. ოპიოიდების არარსებობის შემთხვევაში მას არ გააჩნია ზემოქმედება და მისი ბოროტად მოხმარება შეუძლებელია.
გაერთიანებულ სამეფოში ოპიოიდების მოხმარებით გარდაცვალების შემთხვევების წილი არის ყველაზე დიდი ნარკოტიკების მოხმარებით სიკვდილიანობის სტატისტიკაში - საშუალოდ, 40 ადამიანი იღუპება ყოველკვირეულად.
კონსულტაციებს ერთობლივად წარმართავენ ჩრდილოეთ ირლანდიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი, შოტლანდიისა და უელსის მთავრობების მხარდაჭერით.
3.4 მილიარდიანი ინვესტიცია მოიცავს აგრეთვე სპეციალისტების მიერ ბავშვებისა და ახალგაზრდების მომსახურებას.
ფორუმი