შეტევა შუაღამის შემდეგ დაიწყო. რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ქალაქ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰი ლისაკის ტელეგრამ-არხზე 31 დეკემბერს გამთენიისას გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაშავებულია 3 ბავშვი, მათ შორის შვიდი თვის, და ერთი მამაკაცი. ლისაკის ცნობით, ბავშვების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 42 წლის მამაკაცის კი - მძიმე.
ქალაქ ოდესის ორ რაიონში დაზიანებულია მრავალბინიანი სახლები. ერთში ხანძარი გაჩნდა. ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეუწყდა.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებულია სახლები და ენერგეტიკული და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა.
განახლება: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტელეგრამ-არხზე დილის ათი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, ოდესის ოლქში დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.
დეკემბრის განმავლობაში რუსეთის ჯარები განსაკუთრებული ინტენსივობით უტევდნენ ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას და ენერგოობიექტებს.
რუსული რაკეტებითა და დრონებით დარტყმების შედეგად ენერგოობიექტების დაზიანებისა და მწვავე ენერგოკრიზისის გამო დეკემბრის შუა რიცხვებში ოდესაში საგანგებო სიტუაციის რეჟიმი გამოაცხადეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, სამიზნეებად ასახელებს „უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რომელიც მათ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს“ და უარყოფს პასუხისმგებლობას სახლებისა და სხვა სამოქალაქო ობიექტების ნგრევასა და დაზიანებაზე და მსხვერპლზე სამოქალაქო მოსახლეობაში.
ფორუმი