თბილისში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოში ვიზიტამდე „ყველა გარემოება და შესაძლო რისკები აწონ-დაწონონ“.
დიპლომატიური მისიის ინფორმაციით, "ბოლო დროს გაიზარდა რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეებისთვის საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევები, რომელთა პასპორტებში, კერძოდ, დაბადების ადგილად მითითებულია უკრაინის სსრ, აფხაზეთის ასსრ, სამხრეთი ოსეთი, ყირიმი, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა და ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები".
„შექმნილ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს სასაზღვრო ხელისუფლების ქმედებებს გაურკვევლობის ელემენტი შეაქვს რუსების საქართველოში დასვენების გეგმებში, ჩვენ დაბეჯითებით ვურჩევთ მოქალაქეებს, რომლებიც ამ ქვეყანაში მოგზაურობას გეგმავენ, ყურადღებით აწონ-დაწონონ ყველა გარემოება და პოტენციური რისკი“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, მედია და სოციალური ქსელების მომხმარებლები იტყობინებოდნენ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შესვლაზე უარის შემთხვევების შესახებ. ვებსაიტ TourDom.ru-ს ცნობით, მოსკოვიდან ბათუმში მიმავალ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქვათ, რადგან მათ პასპორტებში დაბადების ადგილად მითითებული იყო რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის ტერიტორიები ყირიმი ან ლუგანსკის ოლქი.
ფორუმი