Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაათავისუფლეს ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული თამარ მეარაყიშვილი


თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

განახლება: სუსმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ინტენსიურ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები, ასევე პერმანენტულად წარმოებდა კომუნიკაცია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული „ცხელი ხაზის“ მეშვეობით.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი „ჯაშუშობის“ ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავა.

თამარ მეარაყიშვილი გუშინ, 30 დეკემბერს, პროტესტის ნიშნად დაწყებული შიმშილობის ფონზე კლინიკაში გადაიყვანეს, ინფორმაცია ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ალან ბაზაევმა გაავრცელა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ მეარაყიშვილის „გაძევების“ შესახებ განაცხადა.

„ცხინვალის საქალაქო სასამართლოს 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქე თამილა აკაკიევნა მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან გააძევეს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თამარ მეარაყიშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტ ალან გაგლოევთან შეხვედრას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა.

ის დაანონსებული აქციის წინა ღამით, 22 დეკემბერს, დააკავეს.

ე.წ. სასამართლომ მეარაყიშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„ჯაშუშობის“ ბრალდებით, მას 10-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

წლებია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება თამარ მეარაყიშვილს დევნის. მას ჩამოართვეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გასვლისთვის საჭირო დოკუმენტები და ტერიტორიის დატოვება აუკრძალეს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG