„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჩატარებული ყოვლისმომცველი სპეცოპერაციის შედეგად, რდკ-ს მეთაური დენის კაპუსტინი, რომელსაც რუსეთის დიქტატორი ვლადიმირ პუტინი პირად მტრად მიიჩნევს, გადარჩა. ასევე დადგენილია რუსეთის სადაზვერვო სამსახურებში დანაშაულის დამკვეთ და შემსრულებელ პირთა წრე,“ ნათქვამია განცხადებაში.
გურ-ის თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურებმა კაპუსტინის მოკვლისთვის 500 000 დოლარი ჯილდო დააწესეს. „სპეცრაზმ ტიმურის“ მეთაურმა, რომელიც მონაწილეობდა ინსცენირებულ თავდასხმაში, ფულის „კონფისკაცია მოახდინა“. კაპუსტინი რდკ-ს ხელმძღვანელობას გააგრძელებს.
კაპუსტინის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია რდკ-ს ტელეგრამის არხზე გამოჩნდა 2025 წლის 27 დეკემბერს. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეონაცისტი და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ დამფუძნებელი ზაპოროჟიეს ოლქში მოკლეს დრონით.
ეს არ არის მკვლელობის პირველი ინსცენირება. 2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის არმიის ყოფილი სამხედრო მოსამსახურისა და ბლოგერის, არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის შესახებ. მოგვიანებით ის ცოცხალი აღმოჩნდა, ხოლო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ დაკავებულია რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ დაქირავებული მკვლელი.
რუსეთის მოქალაქე დენის კაპუსტინი 2017 წელს გადავიდა კიევში საცხოვრებლად. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ის ულტრამემარჯვენე შეხედულებების მქონე პირებისთვის საბრძოლო კლუბებს აწყობდა. მას ფსევდონიმი White Rex ჰქონდა და თავადაც იზიარებდა ამ შეხედულებებს.
2022 წელს კაპუსტინმა შექმნა „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ - შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა, მაგრამ, როგორც იტყობინებიან, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისგან შედგებოდა. რუსეთში რდკ-ს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.
2023 წლის აპრილში ბრიანსკის ოლქში რდკ-ს მიერ ჩატარებული რეიდის შემდეგ კაპუსტინი რუსეთში შეიყვანეს ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში და მასზე ფედერალური მასშტაბით გამოცხადდა ძებნა.
2023 წლის ნოემბერში რუსეთის სასამართლომ კაპუსტინს დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა სპეციალური რეჟიმის კოლონიაში, დამნაშავედ ცნო სახელმწიფო ღალატში, ტერორისტული საქმიანობის მცდელობაში, ტერორისტული საქმიანობის სწავლებაში, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნასა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შეძენაში.
ფორუმი